ელჩი: საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა

პუბლიკა

ისრაელში საქართველოს ელჩი, ლაშა ჟვანია აცხადებს, რომ საელჩოში ინფორმაცია არ შესულა საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეები უსაფრთხო ადგილას არიან.

„საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა. მუდმივ კონტაქტზე ვართ, როგორც ისრაელის თავდაცვის სამინისტროს სამსახურთან, ისე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ასევე ისრაელის პოლიციასთან.

გუშინ ჩვენი რამდენიმე მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გადმოვიყვანეთ. 3 არის ნეთანიაში, ერთი არის თელავივში. საერთაშორისო კომერციულმა ავიაკომპანიებმა ისრაელის მიმართულებით თავიანთი რეისები გაუქმეს. დღე ისრაელის აეროპორტი დაკეტილი არ არის, გუშინ რამდენიმე რეისი შესრულდა.

გუშინ საღამოს საქართველოს რამდენიმე მოქალაქე დაბრუნდა საქართველოში ისრაელიდან. ისინი, ვინც ვერ დაბრუნდნენ, საელჩომ საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყო სასტუმროთი. ბავშვები თავიანთ პედაგოგებთან ერთად, რომლებიც ფესტივალზე იყვნენ ჩამოსულები, უსაფრთხოდ არიან, გვიანობამდე მათთან ერთად ვიყავით, სანამ ბავშვები ოთახებში დასაძინებლად არ განვათავსეთ.

ცხელი ხაზის ნომერი ყველამ იცის, 3 ტელეფონის ნომერია გამოცხადებული, როგორც საელჩოს, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროსაც შეუძლიათ დაუკავშირდნენ ჩვენი მოქალაქეები. თუ ვინმე ინფორმაციას ფლობს საქართველოს რომელიმე მოქალაქეზე, ვთხოვთ, რომ შეგვატყობინოს“,- განაცხადა ჟვანიამ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ბოლო ცნობებით, შეიარაღებული თავდასხმის დროს ღაზას სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს 4 მოქალაქე იმყოფებოდა. ამ ეტაპზე ოთხივე მათგანი იმყოფება უსაფრთხო ადგილას.

საქართველოს საელჩოში ამოქმედებულია ცხელი ხაზი:

+972 526 919092;

+972 528 888513;

+972 547 386813