საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე განმარტავს, რისთვის გახდა საჭირო პარლამენტში მედიის წარმომადგენლებისთვის ახალი წესების შემუშავება.
მისი თქმით, შალვა პაპუაშვილის მიერ გამოცემული ბრძანება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ემყარება და წესდება მინიმალური რეგულაციები მედიის საქმიანობის „ცივილიზებულ ფორმაში“ მოსაქცევად.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, ახალი წესები არავის უზღუდავს კრიტიკული შეკითხვის დასმას ან პასუხის არმიღების შემთხვევაში შეკითხვის განმეორებას, თუმცა „ფლიგელიდან ფლიგელში დეპუტატების დევნა და კაბინეტებში უნებართვოდ შესვლა არაცივილური ფორმაა“.
„თქვენ რომ ნახოთ ნებისმიერ ევროპულ [პარლამენტში] ან თუნდაც კონგრესში რა მკაცრი რეგულაციები მოქმედებს, ამაზე ბევრად მკაცრი რეგულაციები არსებობს.
ჩვენ არავითარი მკაცრი რეგულაციები არ გვაქვს, არის მინიმალური რეგულაციები ელემენტარული ჩარჩოსთვის, თორემ არავის ეზღუდება არავითარი ფორმით კრიტიკული კითხვის დასმა. ოთახში რომ არ უნდა შეუვარდე ადამიანს და რომ არ უნდა გაეკიდო ფლიგელიდან ფლიგელში, ეს ნებისმიერი ცივილური ქვეყნის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული.
დამერწმუნეთ, ნამყოფი ვარ უამრავ პარლამენტში. არცერთი პარლამენტი არ არსებობს მსოფლიოში, შეიძლება არაცივილიზებულ ქვეყნებში არსებობდეს, მაგრამ მე არ ვიცი არცერთი ცივილიზებული პარლამენტი, სადაც ჟურნალისტები დეპუტატებს დასდევენ ფლიგელიდან ფლიგელში, უვარდებიან ოთახებში.
საუბარია ელემენტარულ ცივილიზებულ სტანდარტზე. ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია ქართული დემოკრატია და ქართული კულტურა, მათ შორის, პოლიტიკური და მედიაკულტურა. ყველაფერი განვითარდება თანდათანობით.
ვიდრე მივაღწევთ ისეთ დონეს, რომ რეგულაციები აღარ იქნება საჭირო, ელემენტარული მინიმალური რეგულაციებით შეიძლება უზრუნველვყოთ ცივილიზებული ურთიერთობები“, – განაცხადა კობახიძემ.
ჟურნალისტების შენიშვნაზე, რომ მათ დეპუტატებისგან პასუხის მიღების პრობლემა აქვთ, კობახიძემ განმარტა:
„რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ, ნებისმიერს დაუსვათ კითხვა, დეპუტატი გეუბნებათ, რომ არ უნდა პასუხის გაცემა. თქვენ უკვე გაქვთ მასალა. მასალა არის ის, რომ კითხვა დასვით და არ გაგცათ პასუხი. ორჯერ დაუსვით, ფლიგელიდან ფლიგელში ნუ გაეკიდებით და ოთახში ნუ შეუვარდებით, მეტი არაფერი წერია“, – თქვა მან.
პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება მედიასაშუალებების აკრედიტაციის თაობაზე განსაზღვრავს აკრედიტაციის სახეებს, აკრედიტებული ჟურნალისტების რაოდენობას, აკრედიტებული ჟურნალისტების უფლებებსა და ვალდებულებებს. მასში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, შეწყდეს ინტერვიუ.