ევროპის წამყვან ქვეყნებში თუ ინტერვიუს რესპონდენტს არ შეუთანხმებ, შეიძლება საერთოდ ვერ ჩაწერო - მდინარაძე

პუბლიკა

ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მედიასთან დაკავშირებული ახალი წესები, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარისა და აპარატის ინიციატივით შემუშავდა, არის ბევრად რბილი ვარიანტი და ეფუძნება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას.

„თუკი რამე შეიძლება ევროპულ შიდა წესებთან მიმართებით, ეს არის უფრო რბილი ვარიანტი, გაცილებით, იმიტომ, რომ ევროპის წამყვან ქვეყანაში, თუ არ შეუთანხმებ ინტერვიუს რესპონდენტს, შეიძლება საერთოდ ვერ ჩაწერო, არათუ სდიო და მიკროფონი ურტყა თავში, თქვენ რომ იცით ხოლმე, არამედ შეიძლება საერთოდ ვერ ჩაწერო. ასეთი წესია ბევრგან”, – ამბობს მდინარაძე.

მან შეფასებისას ასევე გამოიყენა ტერმინი „ჟურნალისტის მიერ რესპონდენტზე ადევნება” და აღნიშნა, რომ თუ ამის უფლება ჟურნალისტებს აღარ ექნებათ, ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს.

„ახლა რაც შეეხება კონკრეტულ ამბავს – ადევნებას. ეს დაწესებულების გარეთ სისხლის სამართლის დანაშაულია. ადევნება – საქართველოს კანონმდებლობით, ასევე ევროპაში და აშშ-ში არის სისხლის სამართლის დანაშაული. ჟურნალისტის მიერ რესპონდენტზე ადევნება თურმე ყოფილა ისეთი საქციელი (რა თქმა უნდა, დანაშაულზე არაა საუბარი, სხვა ინტერესი არ ამოძრავებს ჟურნალისტს, მას უნდა, რომ ინტერვიუ მიიღოს…), რაც არ შეიძლება ითვლებოდეს რაღაც გადაცდომადაც კი – ამ წესის დამკვიდრება გინდათ…

როდესაც რესპონდენტთან მიბრძანდებით, კითხვას უსვამთ და რესპონდენტი გეუბნებათ, რომ არაა თანახმა მასთან ინტერვიუ ჩაწეროთ და თქვენ მაინც დასდევთ და სამუშაო პროცესში უშლით ხელს, ამის გამორიცხვა რატომ არის ცუდი ამბავი, მე მაინც ვერ ვხვდები…

…მისდევთ რესპონდენტს და 10, 20 და 30 წუთის განმავლობაში აიძულებთ, რომ წინ და უკან იაროს და თუ არ უნდა ინტერვიუს მოცემა, მაინც რაღაც გითხრათ და ცდილობთ მერე ეს გამოიყენოთ მისი დისკრედიტირებისთვის. ამის საშუალება თუ გერთმევათ, ეს არის ძალიან კარგი”, – განაცხადა მდინარაძემ.


პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება მედიასაშუალებების აკრედიტაციის თაობაზე განსაზღვრავს აკრედიტაციის სახეებს, აკრედიტებული ჟურნალისტების რაოდენობას, აკრედიტებული ჟურნალისტების უფლებებსა და ვალდებულებებს. მასში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ.