ელენე ხოშტარია „ვივამედში“ გადაიყვანეს

პუბლიკა

„დროას“ ლიდერი, კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერის გაკეთების გამო მსჯავრდებული ელენე ხოშტარია პენიტენციური დაწესებულებიდან სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაიყვანეს.

ის დღესვე ინახულეს პირადმა ექიმმა მაკა იოსელიანმა და პარტია „ახალის“ წევრმა, ასევე სამედიცინო სფეროს წარმომადგენელმა ანი ქავთარაძემ.

კლინიკის დატოვების შემდეგ ანი ქავთარაძემ მედიას განუცხადა:

„ვინახულეთ ელენე, ასევე შევხვდით კლინიკურ დირექტორს – შევთანხმდით თანამშრომლობაზე პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.

გვქონდა ძალიან კოლეგიალური საუბარი, დავგეგმეთ უახლოეს დღეებში ჩასატარებელი კვლევები. ამ ეტაპისთვის ჩატარდა მხოლოდ საბაზისო, რუტინული, ლაბორატორიული კვლევები, რომლის პასუხებიც, სავარაუდოდ, ხვალ დღის მეორე ნახევარში უკვე იქნება. ამის პარალელურად გვქნება ონლაინკონსილიუმი სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებთან, რომლებთან ერთადაც უკვე დავგეგმავთ სხვა ინსტრუმენტულ კვლევებს და უფრო ვიწროდ სხვადასხვა მიმართულებით ლაბორატორიულ კვლევებს.

ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეცვლილა, შეიძლება ითქვას, რომ იგივეა, რაც გუშინწინ ვნახეთ ციხის პირობებში. ვიმედოვნებთ, რომ ამ ურთიერთთანამშრომლობის პროცესში შევძლებთ, ელენეს დაავადების პროგრესირება შევაჩეროთ და დაუბრუნდეს ჩვეულ მდგომარეობას“, – განაცხადა მან.

ელენე ხოშტარიას „ვივამედში“ გადაყვანის გადაწყვეტილება 29 ივნისს მიიღეს. მას კლინიკაში დამატებითი კვლევები ჩაუტარდება. „ვივამედის“ დირექტორის, ნინო ნადირაძის განცხადებით, ხოშტარიას თავისი პირადი ექიმი უმკურნალებს, კლინიკა მხოლოდ ინფრასტრუქტურას უზრუნველყოფს.

ახლობლების ცნობით, ელენე ხოშტარიას რევმატიული ართრიტი და ავტოიმუნური დაავადება წლებია, აქვს, პენიტენციურ დაწესებულებაში კი შესაბამისი პირობების და სამკურნალო პროტოკოლის არქონის გამო მისი მდგომარეოვა გაუარესდა.