ელენე ნავერიანის ფილმის, „შაშვი შაშვი მაყვალის" მსოფლიო პრემიერა კანის კინოფესტივალზე გაიმართება

პუბლიკა

ელენე ნავერიანის ფილმი „შაშვი შავი მაყვალი“ იმ 30 ფილმს შორის მოხვდა, რომელსაც კანის კინოფესტივალის, დამოუკიდებელ სექციაში უჩვენებენ.

ფილმის მსოფლიო პრემიერა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე პროგრამაში „რეჟისორთა ორკვირეული” ფარგლებში გაიმართება.

„რეჟისორთა ორკვირეული“ კანის კინოფესტივალის დამოუკიდებელი სექციაა, რომელიც 1969 წელს ფრანგ რეჟისორთა გილდიის მიერ დაარსდა. ფილმი თამთა მელაშვილის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციაა.

„შაშვი შავი მაყვალი“ ელენე ნავერიანის რიგით მესამე სრულმეტრაჟიანი ფილმია.


„შაშვი შაშვი მაყვალი“ თამთა მელაშვილის მესამე რომანია. წიგნი 2021 წელს ლიტერატურული პრემია „საბას“ გამარჯვებული გახდა. 2021 წელს საუკეთესო რომანისთვის „საბა” თამთა მელაშვილს გადაეცა. თამთა მელაშვილის „გათვლა“ 2010 წელს, ხოლო „აღმოსავლეთით“ 2015 წელს გამოიცა. „გათვლა“ თარგმნილია გერმანულ, იტალიურ, რუსულ, ხორვატიულ, მაკედონიურ და ალბანურ ენებზე. რომანმა 2011 წელს ლიტერატურული პრემია „საბა“, 2013 წელს კი „Deutscher Jugendliteraturpreis“ მოიპოვა.

„ეთეროს ფიქრების, განცდებისა და ემოციების კორიანტელში თანდათან იკვეთება მთავარი გმირის მძიმე ცხოვრების ისტორია; პროვინციული ქალაქების, ერთი შეხედვით, უძრავი და უცვლელი, სოციალური თუ პიროვნული სირთულეებით დაღდასმული ყოფა, რომელიც ადამიანებზე გამანადგურებლად მოქმედებს; დილემები, რომელთა წინაშეც მთავარი გმირი უეცრად აღმოჩნდება და რაზეც საბოლოო პასუხი მკითხველმა უნდა გასცეს“, – ვკითხულობთ რომანის ოფიციალურ აღწერაში.