„შაშვი შაშვი მაყვალის“ ეკრანიზების პროექტმა ბალსის ფონდის გრანტი მოიპოვა

პუბლიკა

ელენე ნავერიანის ფილმის პროექტმა – „შაშვი შაშვი მაყვალი“ ჰიუბერტ ბალსის ფონდის გრანტი მოიპოვა. ფილმი თამთა მელაშვილის ამავე სახელწოდების წიგნის ეკრანიზაცია იქნება. ჰიუბერტ ბალსის ფონდმა 520 განაცხადიდან დასაფინანსებლად 10 პროექტი შეარჩია. პროექტის განვითარებისთვის თითოეული მათგანი 10 ათას ევროს მიიღებს.

ფოტო: ALVA FILM/TAKES FILMS

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ თამთა მელაშვილის ბოლო რომანის ეკრანიზაცია იგეგმება და პროექტი დაფინანსების მოპოვების ეტაპზეა. როგორც ფილმის ქართველმა პროდიუსერმა, ქეთი დანელიამ „პუბლიკას“ უთხრა, იგეგმება პროექტის ეროვნული კინოცენტრის  მიერ გამოცხადებულ კონკურსში შეტანაც.

„შაშვი შაშვი მაყვალი“ ელენე ნავერიანის მესამე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი იქნება. ლოკარნოს წლევანდელ კინოფესტივალზე გია აგუმავას  მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის პრიზი სწორედ ელენე ნავერიანის ბოლო სურათში, „სველ ქვიშაში“ მონაწილეობისთვის გადაეცა.

გამოცემა Variety-ის ცნობით, „შაშვი შაშვი მაყვალის“ პროდიუსერი, ქეთი დანელიას გარდა („და ჩვენ ვიცეკვეთ“), თომას რეიხლინიც (Hive) იქნება.

„როდესაც რომანი წავიკითხე, წარმოვიდგინე, რამდენად ძლიერი იქნებოდა ამ ამბის ნახვა ეკრანზე, რამდენად გამამხნევებელი და სადისკუსიო“, – თქვა ელენე ნავერიანმა Variety-სთან და აღნიშნა, რომ თამთა მელაშვილი თავის რომანში მუდმივად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქალის როლს საზოგადოებაში „ძლიერი, სუბვერსიული და დეტალურად აღწერილი პერსონაჟებით“.

Variety წერს, რომ ნაწარმოებში ნავერიანი ხედავს ქალს, რომლის ცხოვრებასაც საყოველთაო მნიშვნელობა აქვს – ბიძგს აძლევს ისეთ საკითხებს, როგორიცაა სხეულის პოლიტიკა, სექსუალობა და კულტურული ნორმების წინააღმდეგ ამბოხება.

„ეთერო [რომანის პერსონაჟი] თავის სხეულში რევოლუციურ გზავნილს ატარებს, რომ ადამიანი შეიძლება უყვარდეთ და იყოს მშვენიერი, როგორ სხეულშიც არ უნდა ცხოვრობდეს ის… თავისებურად, გაუცნობიერებლად, ის ფემინისტია“, – ამბობს ნავერიანი და დასძენს – „ამბავმა ჩემზე იმოქმედა და ძლიერი გამოძახილი პოვა როგორც პირადი, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით“.


„შაშვი შაშვი მაყვალი“ თამთა მელაშვილის მესამე რომანია. მისი „გათვლა“ 2010 წელს, ხოლო „აღმოსავლეთით“ 2015 წელს გამოიცა. „გათვლა“ თარგმნილია გერმანულ, იტალიურ, რუსულ, ხორვატიულ, მაკედონიურ და ალბანურ ენებზე. რომანმა 2011 წელს ლიტერატურული პრემია „საბა“, 2013 წელს კი „Deutscher Jugendliteraturpreis“ მოიპოვა.

„ეთეროს ფიქრების, განცდებისა და ემოციების კორიანტელში თანდათან იკვეთება მთავარი გმირის მძიმე ცხოვრების ისტორია; პროვინციული ქალაქების, ერთი შეხედვით, უძრავი და უცვლელი, სოციალური თუ პიროვნული სირთულეებით დაღდასმული ყოფა, რომელიც ადამიანებზე გამანადგურებლად მოქმედებს; დილემები, რომელთა წინაშეც მთავარი გმირი უეცრად აღმოჩნდება და რაზეც საბოლოო პასუხი მკითხველმა უნდა გასცეს“, – ვკითხულობთ რომანის ოფიციალურ აღწერაში.