საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ (სემეკ) მიიღო გადაწყვეტილება ელექტროენერგიის ტარიფების ცვლილების 3 თვით გადავადებასთან დაკავშირებით.
სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან გადაწყვეტილების მიზეზებზე ისაუბრა და თქვა, რომ არსებული ტარიფების 3 თვით გახანგრძლივების გადაწყვეტილება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა:
კომპანიების თხოვნა: ელექტროენერგიის გამანაწილებელმა კომპანიებმა კომისიას პროცესის სამი თვით გადავადების თხოვნით წერილობით მიმართეს;
დაუზუსტებელი ბალანსები: ამ ეტაპზე ბოლომდე დაზუსტებული არ არის ელექტროენერგიის ბალანსები და მომდევნო წლის მოსალოდნელი გენერაციის მაჩვენებლები;
კონსულტაციები მთავრობასთან: გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ინტენსიური კონსულტაციები „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრთან.
„სამომხმარებლო ტარიფები შედგება ორი კომპონენტისგან. ერთი, ეს არის ელექტროენერგიის განაწილების ტარიფი და თვითონ უშუალოდ ენერგიის ტარიფი. ამ ყველაფერს საფუძვლად დაედო ის, რომ დაზუსტდება სხვადასხვა გენერაციის ობიექტების მიერ მომდევნო პერიოდში მისაღები ენერგიის მოცულობები, შესაბამისი ღირებულებები, ამიტომაც უფრო ზუსტი რომ ყოფილიყო კომისია შემდგომ გაანგარიშებაში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რომ ეს პარამეტრები მივიღოთ ჩვენ დაზუსტებული ფორმით.
ასევე კომპანია „ენერგო-პროს“ ნაწილში საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, მცირედით დაკორექტირდეს მათი წარმოდგენილი საინვესტიციო გეგმა. ამიტომ ამ მოცემულობებზე დაყრდნობით, ჩვენ გამოვიყენეთ, პარალელურად, ჩვენთვის მინიჭებული უფლებამოსილება და დავტოვეთ დროებით, სამი თვის ვადით, არსებული ტარიფები უცვლელი.
სამი თვის მერე რა პროცედურები იქნება, ამასთან დაკავშირებით თქვენ იქნებით პერიოდულად საქმის კურსში, რადგან კომპანიები დააზუსტებენ ცალკეულ მონაცემებს, დაზუსტდება ბალანსიც, შესაბამისად, კომისია ყოველთვის იხელმძღვანელებს იმ მეთოდოლოგიით, რომლითაც ითვლის ტარიფებს და რომლის საფუძველზეც იქნება დაანგარიშებულ ტარიფები“, – თქვა ნარმანიამ.
რაც შეეხება ბუნებრივ აირს, დავით ნარმანიას განცხადებით, ბუნებრივ აირზე უცვლელი ტარიფი 1 წლის განმავლობაში დარჩება.
„ბუნებრივ აირზეც ტარიფები რჩება უცვლელი. ვინაიდან აქ მხოლოდ მცირედი კორექტირებები გაკეთდა მისაწოდებელი გაზის ფასთან და განხორციელებული ინვესტიციებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ბუნებრივი აირის ტარიფი უცვლელი რჩება. ერთი წლის ვადით”, – განაცხადა ნარმანიამ.
შეგახსენებთ, რომ 17 დეკემბერს დავით ნარმანიამ ელექტროენერგიის ტარიფების ზრდა დააანონსა.