ელექტრონული წიგნების ერთთვიანი პაკეტი უფასო იქნება

მინდია გაბაძე

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს ერთი თვის განმავლობაში თავისუფალი წვდომა მიეცემა lit.ge-ზე განთავსებულ „პალიტრა L“-ისა და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ 2 093 ელექტრონულ წიგნზე.

„მომხმარებელს სამკითხველოს ერთთვიანი პაკეტი უფასოდ გაუაქტიურდება და სასურველი წიგნის არჩევის საშუალება მიეცემა. არჩეული წიგნები ერთი თვის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი”, – განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ.

მისივე თქმით, იმ პერიოდში როდესაც საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა მოსწავლეებს ექნებათ საშუალება ეს დრო მხატვრული ლიტერატურის კითხვისთვის გამოიყენონ.

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობების წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიქმნა ცალკე პორტალი, სადაც ყველა სახელმძღვანელო და დამხმარე რესურსებია განთავსებული და არდადეგების პერიოდში უფასოდ შეუძლიათ ისარგებლონ.

Lit.ge -ზე განთავსებული ელექტრონული წიგნების ხელმისაწვდომობისთვის, აუცილებელია:

  • მომხმარებელი დარეგისტრირდეს საიტზე lit.ge (ელ.ფოსტით ან ფეისბუქით);
  • ავტორიზირებული მომხმარებელი უნდა შევიდეს “სამკითხველოს” გვერდზე, სადაც სამკითხველოს ერთთვიანი პაკეტი დახვდება უფასოდ;
  • პაკეტის გააქტიურების შემდეგ, მომხმარებელს ეძლევა სასურველი სამი წიგნის არჩევისა და საკუთარ ბიბლიოთეკაში დამატების საშუალება;
  • სამკითხველოში ხელმისაწვდომია 2093 წიგნი;

წიგნების წასაკითხად, ელექტრონულ მოწყობილობაზე აუცილებელია იოტა რიდერის აპლიკაციის გადმოწერა.