„მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, რომელსაც აპრილში აქციაზე სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ, ამბობს, რომ ამ დრომდე არ აქვს დაზარალებულის სტატუსი.
ელისაშვილის თქმით, მისი ცემის საქმეზე არ დაუკითხავთ არცერთი პოლიციელი.
,,ჩემზე, პარლამენტის დეპუტატზე, რომელსაც წესით იმუნიტეტი მიცავს, დღისით, მზისით განახორციელეს ორგანიზებული, ჯგუფური ძალადობა პოლიციელებმა. კადრებში, რომლებიც გავრცელდა, კარგად ჩანს, წაქცეულს როგორ მირტყამდნენ. ორი თვის წინ მივმართე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, სახელი კი აქვთ რიხიანი, სინამდვილეში კი ეს არის სამარცხვინო ორგანიზაცია, ორი თვეა ფეხის თრევით აწარმოებენ გამოძიებას და შედეგი ნული.
ამ ორი თვის განმავლობაში არცერთი პოლიციელისთვის ბრალი არ წარუდგენიათ. არადა, სახეზე ჩანს ყველა, დაკითხულებიც კი არ არიან, დაკავებაზე საუბარიც ზედმეტია. უფრო მეტიც, ორი თვეა დაზარალებულადაც კი არ მცნობს სპეციალური საგამოძიებო სამსახური. არადა ნეკნი მომტეხეს, სახეზე მეტყობოდა, რომ ნაცემი ვიყავი, კადრებშიც კარგად ჩანს, როგორ მონდომებით მირტყამდნენ, მეტი როგორღა უნდა დავზარალებულიყავი? აი, ასეთი სამარცხვინო ხელისუფლება და სამარცხვინო საგამოძიებო სტრუქტურები გვყავს. საქმე ის გახლავთ, რომ დაზარალებულად რომ მცნონ, ყველა მასალაზე წვდომა გვექნება მეც და ჩემს ადვოკატსაც. აი, ამიტომ არ ატარებენ გამოძიებას და არ მცნობენ დაზარალებულად. პოლიციელების ვინაობა ვერ გაარკვიეს კი არა, არ უნდათ, რომ გაარკვიონ. შსს-ს ვითომ უგზავნიან ამ პოლიციელების კადრებს და ფოტოებს და ისინი თურმე ეუბნებიან, არ ვიცით, ვინ არიანო, ეს ხომ აბსურდია“, – ამბობს ელისაშვილი.
ალეკო ელისაშვილს სამართალდამცველები 17-18 აპრილს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ელისაშვილის თქმით, მას პოლიციელები კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე სასტიკად გაუსწორდნენ. მისი თქმით, მითითება ვაჟა სირაძემ გასცა. „ეს შეათრიეთო, დააკავეთო და თვალის დახამხამებაში აღმოვჩნდი პოლიციელების წიხლქვეშ, კორდონში შემათრიეს და ვისაც არ ეზარებოდა, მირტყამდა ყველა, ერთადერთი სამხედროს ბათინკებს ვხედავდი და დარტყმებს ვგრძნობდი”, – ამბობდა ელისაშვილი ცემის შემდეგ „პუბლიკასთან”.