ელისაშვილი: თუ ბარიერი არ შემცირდა, სულ ორი პარტია იქნება და მივიღებთ „ბასტი-ბუბუს"

პუბლიკა

„მოქალაქეების“ დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადების შეფასებისას განაცხადა, რომ დაბალი ბარიერი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის აუცილებელია და „ქართული ოცნებისგან“ სიტყვის გადათქმა არ გაუკვირდებათ.

ირაკლი კობახიძის თქმით, 5%-იანი ბარიერი სრულიად თავსებადია დემოკრატიულ სტანდარტებთან და 2024 წლიდან ყველა შემთხვევაში ამოქმედდება სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა თავის 5%-იანი ბარიერით.

„რაც შეეხება 2%-იან ბარიერს, უკეთესია, თუ არა ეს 5%-იანზე, ამაზეც არავითარი სიღრმისეული მსჯელობა არ ყოფილა, შეიძლება უარესიც არის. ამიტომ ამასაც სჭირდება ცალკე სიღრმისეული მსჯელობა.“ – განაცხადა კობახიძემ.

ელისაშვილის თქმით, 2 პროცენტი ბარიერი საჭიროა იმისთვის, რომ მრავალპარტიული დემოკრატია მივიღოთ და პოლარიზაცია შემცირდეს.

„შეცვალა თუ არა პოზიცია, ჯერ არ ვიცით. ეს ჯერ განცხადების დონეზეა. თუმცა, „ქართული ოცნებისგან” არც „გადაგდება” გაგვიკვირდება და არც სიტყვის გადათქმა, ეს არის წესი „ქართული ოცნების”. მთელი ამ წლების განმავლობაში, რაღაცას იტყვიან და მერე უკუღმა აკეთებენ. ძალიან ცუდი იქნება, თუ სიტყვას გატეხას „ქართული ოცნება“ შეათანხმებს, დაარღვევსო ვეღარ ვიტყვით, რადგან შეთანხმება აღარ არსებობს. შარლ მიშელის შეთანხმება კი არა ფრაქციასაც აღარ ჰქვია შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი. ერთია, რომ სიტყვის გატეხა წესად მკვიდრდება ქართულ პოლიტიკაში. მეორე მხრივ, ჩვენ ერთი მოსმენით მიღებული გვაქვს საკონსტიტუციო ცვლილებები, სადაც წერია 2 პროცენტი ბარიერი, ეს დაბალი ბარიერი და ის, რომ ყოველ არჩევნებზე გავრცელდეს, საჭიროა იმისთვის, რომ მრავალპარტიული დემოკრატია მივიღოთ და ეს პოლარიზაცია შემცირდეს. მაღალი ბარიერი ნიშნავს, რომ სულ ორი პარტია იქნება და მივიღებთ იმ „ბასტი ბუბუს“ და ზიზღის პინგპონგს, რაც გვაქვს ახლა – „არა შენი 9 წელი, არა შენი”, – განაცხადა ელისაშვილმა.