პარლამენტში დაინიშნოს შეხვედრა ბათუმის ბულვარში სასტუმროს მშენებლობაზე - ელისაშვილი თალაკვაძეს

პუბლიკა

„როგორც ჩანს, ბატონ რიჟვაძეს თუ მისცემ ქრთამს, დაიდგამს კორპუსს, ისე ივლის და ნამუსი საერთოდ არ შეაწუხებს“, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა დღეს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე განაცხადა.  ის ბათუმის ბულვარში სასტუმროს მშენებლობის საკითხს გამოეხმაურა.

ელისაშვილმა აღნიშნა, რომ ბათუმის ბულვარს აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, რაც ნიშნავს იმას, რომ ბულვარში არაფრის აშენება არ შეიძლება. მისი თქმით, 3 თვეა აქტივისტები მშენებლობას აპროტესტებენ, თუმცა მათ ყურს არავინ უგდებს.

„ბათუმის გენერალური გეგმა ღმერთმა უწყის უკვე მერამდენე ჯერზე ჩავარდა და ჩავარდა აგერ ბოლო ერთი კვირის წინ. გენგეგმა ჩავარდა, მაგრამ მშენებლობები მიდის და მიდის კოსმოსში იქ კორპუსები. ვისაც რაც უნდა, იმას აშენებს;სადაც უნდა იქ აშენებს; როგორც უნდა ისე აშენებს და კაცი გამკითხავი არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანი ბათუმში, ყველამ ვიცით, არის ბულვარი. მე-19 საუკუნის ბოლოს გაშენებული ბულვარი, რომელსაც მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ეს იმას ნიშნავს, რომ იქ არაფრის აშენება არ შეიძლება. არადა, 19-სართულიანი კორპუსი შენდება. 3 თვეა ბათუმელები აპროტესტებენ, 3 თვეა მათ ყურს არ უგდებს არავინ. როგორც ჩანს, ბატონ რიჟვაძეს თუ მისცემ ქრთამს, დაიდგამს კორპუსს და ისე ივლის, ნამუსი არ შეაწუხებს საერთოდ. 3 სართულის ნებართვა გაიცა იქ და ეს 3 უკვე 19 -მდე ავიდა. და ასე, გეომეტრიული პროგრესიით ეს სართულიანობა ყოველდღე იზრდება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მან მოუწოდა და სთხოვა პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს, რომ პარლამენტში ნებისმიერი ფორმატით გაიმართოს შეხვედრა იმ ადამიანებთან, რომლებიც ბულვარში მშენებლობას აპროტესტებენ. მისი თქმით, აქტივისტები მზად არიან ჩამოვიდნენ შეხვედრისთვის.

„სრულიად ნომინალურია ბათუმში მერია, ნომინალურია უმაღლესი საბჭო. ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, მინდა, გადმოგცეთ ჩემი თხოვნაც და ასევე იმ ადამიანების თხოვნაც, რომლებიც ბათუმში, ქუჩაში 3 თვეა აპროტესტებენ მშენებლობას. ნებისმიერი ფორმატით პარლამენტში დავნიშნოთ შეხვედრა, რომ ადამიანებმა წარმოადგინონ არგუმენტები სისხლის სამართლის დანაშაულის შესახებ, ვინაიდან ძეგლში მშენებლობა არის სისხლის სამართლის დანაშაული. გთხოვთ, მოვუსმინოთ ამ ადამიანებს, მათ წუხილებსა და პრობლემებს. ნებისმიერ ფორმატში, ისინი მზად არიან რომ ჩამოვიდნენ“, – განაცხადა მან.

ალეკო ელისაშვილის ამ განცხადებას გამოეხმაურა პარლამენტის კულტურისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი.

მისი თქმით, არ შეუძლია, უპასუხოდ დატოვოს, როცა თორნიკე რიჟვაძეს უწოდებენ მექრთამეს.

წულუკიანის თქმით, გასამიჯნია, როგორ იქცევა ელისაშვილი და რა ხდება ბათუმის ბულვარში რეალურად.

„თქვენ, როგორც ჩანს, ამბავი იცით, ამბის იქით დეტალებიც იცით. ერთადერთი, რაშიც ჩვენ გვაქვს თანხვედრა, რაც იქ შენდება, მეც ვფიქრობ, რომ მიუღებელია და ბატონ რიჟვაძესთან ამ თემაზე მქონია საუბარი. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ის არის ერთ-ერთი, ვინც ამას თავის დროზე შეეწინააღმდეგა, როდესაც პრემიერ კვირიკაშვილის დროს იქ 9- და 12-სართულიანი კი არა, ათეულობით სართული უნდა აღმართულიყო. რიჟვაძემ მინიმუმამდე დაიყვანა ის ზიანი, რაც დღეს მაინც გვაქვს“, – განაცხადა წულუკიანმა.