„ჩვენ ვართ აქ - 90 ცალი მუთაქა და თქვენ მგლობის ვერაფერი შეგატყვეთ“ - წულუკიანი ელისაშვილს

პუბლიკა

პარლამენტის კულტურისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა პლენარულ სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელის, თორნიკე რიჟვაძის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უპასუხა.

მისი თქმით, არ შეუძლია, უპასუხოდ დატოვოს, როცა თორნიკე რიჟვაძეს უწოდებენ მექრთამეს. ამ ფრაზით მან „მოქალაქეების“ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს მიმართა.

წულუკიანის თქმით, გასამიჯნია, როგორ იქცევა ელისაშვილი და რხდება ბათუმის ბულვარში რეალურად.

„თქვენ, როგორც ჩანს, ამბავი იცით, ამბის იქით დეტალებიც იცით. ერთადერთი, რაშიც ჩვენ გვაქვს თანხვედრა, რაც იქ შენდება, მეც ვფიქრობ, რომ მიუღებელია და ბატონ რიჟვაძესთან ამ თემაზე მქონია საუბარი და მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ის არის ერთ-ერთი, ვინც ამას თავის დროზე შეეწინააღმდეგა, როდესაც პრემიერ კვირიკაშვილის დროს იქ 9- და 12-სართულიანი კი არა, ათეულობით სართული უნდა აღმართულიყო და რიჟვაძემ მინიმუმამდე დაიყვანა ის ზიანი, რაც დღეს მაინც გვაქვს“, – განაცხადა წულუკიანმა.

თეა წულუკიანმა გაიხსენა ალეკო ელისაშვილის პარლამენტში შემოსვლამდე გამონათქვამი:

„თქვენ თქვით ასეთი რამ, თუ ბატონი შალვა პაპუაშვილი ამას „ჰეითერობაში“ არ ჩამომართმევს, რეალობას გავიხსენებ: „პარლამენტში დევს 90 ცალი მუთაქა „ქართული ოცნებიდან“ – ეს ჩვენ ვართ, ძვირფასო კოლეგებო, მუთაქები – და 60 მგელი რომ შევალთ იქ, ნახეთ, რას დავატრიალებთ“, – ეს ხომ თქვენი სიტყვებია?

ახლა ჩვენ ვართ აქ – 90 ცალი მუთაქა და თქვენ მგლობის ვერაფერი შეგატყვეთ. ესე იგი, თქვენ არამც თუ არაკომპეტენტური ხართ, როდესაც თვლით, რომ ერთ დეპუტატს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსი აქვს რამე ტიპის უფლება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაური ანგარიშვალდებულად აქციოს მის წინაშე. ეს არის ჩვეულებრივი არაკომპეტენტურობა. და დიდი პატივისცემით, მე მინდა, მოგიწოდოთ რომ თქვენ გვერდით მჯდარ კოლეგას ხანდახან სამართალში რაღაცები დაეკითხეთ ხოლმე“, – მიმართა წულუკიანმა ალეკო ელისაშვილს.

თეა წულუკიანის თქმით, პარლამენტის საქმიანობა პოლიტიკურ-სამართლებრივია.

„სამართლებრივი კატეგორიებით თუ შესანიშნავად ოპერირებს ისეთი ცნობილი მედიკოსი, როგორიც ბატონი ლადოა, ალბათ თქვენც ამას კარგად შეძლებთ, იმიტომ, რომ მედიცინა და იურისპრუდენცია შეიძლება არ იყოს ახლოს მდგომი. ეს ერთ-ერთი ყველაზე მყვირალა მაგალითია, როგორ შეიძლება ადამიანი სხვა პროფესიიდან იყო კვალიფიციური დეპუტატი“, – თქვა წულუკიანმა.

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, მან ელისაშვილს ფარისევლობა შეატყო.

„რაც შეეხება კულტურას, თქვენ ფარისევლობა შეგატყვეთ, ბატონო ალეკო. იმიტომ, რომ თქვენ ვითომ წუხხართ ბათუმის… რა გაცინებთ, თქვენ ადგილას რომ ვიყო, ვიტირებდი დილიდან საღამომდე, რა გაცინებთ? რა თავს აქიცინებთ, კაცო, თქვენ ხართ ფარისეველი, რომელიც წუხს ვითომ ახლა ბათუმის ბულვარზე და კულტურულ მემკვიდრეობაზე, ერთადერთი კაცი, წევრი ჩემი კომიტეტის,  რომელიც წინააღმდეგ წავიდა იმისა, რომ ქართულ კულტურას ჰყოლოდა თავისი სამინისტრო. თქვენ ხართ ის კაცი, რომელიც თქვენზე ბევრად უფროს კაცებს და ქალებს მუთაქებს ეძახის, ეს არის უკულტურობა. ენა იმისთვის არ მიუცია ღმერთს ადამიანისთვის და მით უმეტეს კაცისთვის, რომ ყველაფერი ილაპარაკოს. შესაბამისად, მჯერა, ბატონი რიჟვაძე მოძებნის დროს, რომ თქვენ წინააღმდეგ სარჩელი შეიტანოს ცილისწამებაზე“, – განაცხადა წულუკიანმა.


პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ ბათუმში „გაშმაგებული“ მშენებლობები მიდის და ქაოსია.

მან ბათუმის ბულვარში მიმდინარე მშენებლობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ კულტურული ძეგლის სტატუსი იქ მშენებლობას კრძალავს. მისი თქმით, ბათუმელების პროტესტი 3 თვეა უყურადღებოდაა დატოვებული.

„როგორც ჩანს, ბატონ რიჟვაძეს თუ მისცემ ქრთამს, დაიდგამს თავზე კორპუსს და ისე ივლის და არ შეაწუხებს ნამუსი“, – თქვა ელისაშვილმა.

მან შესთავაზა თალაკვაძეს, დაინიშნოს შეხვედრა და განიხილონ მშენებლობის მომხრეების და მოწინააღმდეგეების არგუმენტები.