„დაუყოვნებლივ შეჩერდეს ბულვარში სასტუმროს მშენებლობა“ - ორგანიზაციები

პუბლიკა

საზოგადოებრივი ორგანიზაციები და სამოქალაქო მოძრაობები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან ბათუმის ბულვარში 19-სართულიანი სასტუმროს კომპლექსის მშენებლობის დაუყოვნებლივ შეჩერებას მოითხოვენ.

როგორც გავრცელებულ განცხდებაშია აღნიშნული, ბათუმის ბულვარში, რომელსაც საბაღე-საპარკე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, კომპანია „ამბასადორ ბათუმზე“ 19-სართულიანი (3 მიწისქვეშა სართული) სასტუმროს მშენებლობის ნებართვა 21 იანვარს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ, კულტურული მემკვიდრეობის კანონმდებლობისა და ბულვარის მიმართ საჯარო ინტერესების უგულვებელყოფით გასცა.

ორგანიზაციები და აქტივისტები აღნიშნავენ, რომ სააგენტომ ბულვარში 19-სართულიანი სასტუმროს კომპლექსის მშენებლობაზე ნებართვა ძეგლის რეაბილიტაციის სტატუსით გასცა, რაც, კანონმდებლობით, ძეგლის გაუმჯობესების სამუშაოებს გულისხმობს.

„კანონმდებლობის მოთხოვნების მიუხედავად, სასტუმროს კომპლექსის მშენებლობაზე ნებართვის გაცემისას არ იყო გამოკვლეული, შეფასებული და დასაბუთებული, თუ როგორ გააუმჯობესებს  მასშტაბური სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაცია ბულვარის ტერიტორიას, რომელსაც ძეგლის სტატუსი უპირველესად ბულვარის ავთენტურობისა და საჯარო სარეკრეაციო გამოყენების მაქსიმალური შენარჩუნების უზრუნველსაყოფად მიენიჭა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კულტურული მემკვიდრეობის კანონმდებლობის გარდა, სააგენტოს გადაწყვეტილება ბულვარში სასტუმროს კომპლექსის აშენებაზე უხეშად არღვევს ქალაქგანვითარების პრინციპებს, მოქმედ სამშენებლო რეგულაციებსა და ადმინისტრაციულ კანონმდებლობას, რომელიც ბულვარის ტერიტორიაზე მსგავსი მასშტაბისა და დანიშნულების შენობა-ნაგებობის აშენებას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ინტერესების მიღმაც დაუშვებელს ხდის.

„ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარეობს მუშაობა ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმაზე, რომლის მიზანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ბათუმის ბულვარის, ისტორიული იერ-სახის მაქსიმალურად შენარჩუნება, ძველი ბულვარის კონსერვაცია და მოწესრიგება წარმოადგენს, თუმცა პარალელურად ბულვარის ტერიტორიაში 19-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის დაშვებით, ეს პროცესი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ  მთლიანად ფორმალობად აქცია“, – წერია განხცადებაში. 

მათი თქმით, სასტუმრო ამბასადორის პროექტი,  არ წარმოადგენს იზოლირებულ უკანონო გადაწყვეტილებას, და ის ბათუმში წლების განმავლობაში გაბატონებული გაუაზრებელი და უკანონო ქალაქგანვითარების პროცესის ნაწილია, სადაც „რივიერას“, ტექნოლოგიური უნივესრიტეტისა თუ სხვა პროექტების აბსტრაქტული ფინანსური მოგების დასაბუთებით მიზანმიმართულად საზოგადოებრივ დანიშნულებას ართმევენ და ანადგურებენ ზღვის სანაპირო ზოლსა და ისტორიულ ურბანულ ქსელს.

განხცადებაში აღნიშნულია, რომ ბათუმის ბულვარში 19-სართულიანი სასტუმროს კომპლექსის მშენებლობაზე გაცემული ნებართვა საზოგადოება „ბათომის“ სახელით, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრს (EMC) აქვს გასაჩივრებული. საჩივარს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განიხილავს, რომლის მიმართაც მოთხოვნას მიღებული უკანონო გადაწყვეტილებების გაბათილების გარდა, ბულვარში მიმდინარე უკანონო პროცესის დაუყოვნებლივ აღკვეთა და მშენებლობის შეჩერება წარმოადგენს.

„მიუხედავად საჩივრის წარდგენისა, კომპანია კვლავ შეუჩერებლად აგრძელებს ბულვარში სასტუმროს კომპლექსის მშენებლობას, რაც აზრს უკარგავს საზოგადოებრივ ბრძოლას, სამართლებრივი დავით აღკვეთოს ბულვარში სააგენტოს უკანონო გადაწყვეტილებით დაშვებული სასტუმროს მშენებლობა და ძეგლის განადგურების პროცესს კიდევ უფრო შეუქცევადს ხდის“, – წერია ორგანიზიების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაციები და სამოქალაქო მოძრაობები ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოითხოვენ, რომ:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ:

– წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის არსებით განხილვამდე დაუყოვნებლივ შეაჩეროს ბულვარში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები;

– გააუქმოს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილება ბულვარში 19-სართულიანი სასტუმროს მშენებლობაზე და აღკვეთოს ძეგლზე მიმდინარე უკანონოდ დაკანონებული სამშენებლო პროცესები;

– გამოცხადდეს მორატორიუმი ბულვარის ტერიტორიაზე ნებისმიერ სამშენებლო განვითარებაზე ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის დამტკიცებამდე.

ხელმომწერები:

საზოგადოება “ბათომი”
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
ICOMOS საქართველო
ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი
ქალაქზე მზრუნველთა გაერთიანება – “ტფილისის ჰამქარი“
ღია საზოგადოების ფონდი – საქართველო  (OSGF)
სამოქალაქო მოძრაობა – “დაიცავი ბათუმის ბულვარი”
სამოქალაქო მოძრაობა „პარტიზანული მებაღეობა“
მწვანე ალტერნატივა
სამოქალაქო მოძრაობა – “მწვანეები”
სამოქალაქო მოძრაობა – “დიღმის ჭალები”
“იარე ფეხით”
გურიის სამოქალაქო ცენტრი
სათემო განვითარების ცენტრი
თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
დემოკრატიის ინსტიტუტი
მწვანე სექტორი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი (NCEE) ბათუმის ოფისი
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) ბათუმის ფილიალი
აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD)