კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ 178 მეცნიერის წერილს უპასუხა.
მეცნიერებმა ბოლქვაძეს წერილი 19 თებერვალს გაუგზავნეს. მასში საუბარია ეროვნულ მუზეუმთან მიმართებით წულუკიანის გადაწყვეტილებებზე და გაკრიტიკებულია სამუზეუმო სივრცეში თეა წულუკიანის ბოლოდროინდელი ქმედებები.
სამუზეუმო ფონდში კვლევითი საქმიანობის მიზნით მეცნიერების დაშვებაზე მუზეუმის მიერ მიღებულ ცვლილებებთან დაკავშირებით კომიტეტი წერს, რომ ამ გზით მუზეუმების საქმიანობა გაცილებით მოქნილი და გამჭვირვალე გახდა და კრიტიკას ამ ნაწილში არ იზიარებენ.
„გაიზარდა ეროვნულ მუზეუმში გაერთიანებული ცალკეული მუზეუმების პასუხისმგებლობა; თავიდან იქნა აცილებული ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკა. მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანებით, დაცულ ფონდებში მეცნიერის დაშვება ხდება მხოლოდ დირექტორატის გადაწყვეტილებით და მეცნიერს არ უხდება „ბარიერების გადალახვა“, როგორც მიმართვაშია აღნიშნული, – მუზეუმის დირექტორიდან, ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელობამდე.“ – ვკითხულობთ წერილში.
რაც შეეხება 13 პროექტის დაფინანსებაზე რუსთაველის ფონდისთვის მიწერილ წერილს.
კომიტეტი წერს, რომ ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა მიიღო ერთპიროვნული გადაწყვეტილება, როდესაც დირექტორატის გვერდის ავლით, გაგზავნა პროექტები დასაფინანსებლად შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში.
„კომიტეტი იზიარებს მუზეუმების გაერთიანების დირექტორის, ნიკა ახალბედაშვილის წერილის პათოსს და ეთანხმება დირექტორატის წევრების სამართლიან მოთხოვნას, რომ იმ კონკრეტულ ეტაპზე, მიზანშეწონილად არ უნდა ჩათვლილიყო გრანტის თანხის გამოთხოვა.
ჩვენთვის, ასევე, ცნობილია, რომ შემდგომ, დირექტორატის წევრებმა, გენერალური დირექტორის წინააღმდეგობის მიუხედავად, კანონმდებლობის დაცვით დააკომპლექტეს ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო საბჭო, რომელთან ერთადაც მუშაობენ პროცესების კანონიერ ჩარჩოებში მოსაქცევად.“ – ნათქვამია წერილში.
- რა წერია მეცნიერების გაგზავნილ წერილში
წერილში საუბარია 2022 წლის თებერვალში მიღებულ ახალ წესზე, რომლის მიხედვითაც მეცნიერი, რომელიც მუზეუმში დაცულ ფონდებში კვლევას გეგმავს, ვალდებულია, მიიღოს არა მხოლოდ კონკრეტული მუზეუმის ხელმძღვანელის ნებართვა, არამედ მუზეუმების გაერთიანების დირექტორატისაც, რომელიც, თავის მხრივ, ამ გადაწყვეტილებას სამინისტროს უნდა ატყობინებდეს.
ამავე წერილში გაკრიტიკებულია გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მუზეუმების დირექტორატმა თხოვნით მიმართა რუსთაველის სამეცნიერო ფონდს, სხვადასხვა მუზეუმის მეცნიერთა მიერ წარდგენილი და კონკურსში გამარჯვებული კვლევითი პროექტები ფონდმა აღარ დააფინანსოს.
მეცნიერები აღნიშნულ გადაწყვეტილებებს კვლევის თავისუფლების შეზღუდვისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ.