მეცნიერები გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მუზეუმის პოლიტიკასთან დაკავშირებით წერილით მიმართავენ

პუბლიკა

მეცნიერები და აკადემიური სფეროს წარმომადგებლები პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, განათლების მინისტრს და კულტურის მინისტრს წერილით მიმართავენ.

წერილის ხელმომწერებეი ამბობენ, რომ იმ სამწუხარო ტენდენციის გამო გადაწყვიტეს მიმართვა,  რომლითაც პოლიტიკოსები და სახელმწიფო მოხელეები მეცნიერებს კვლევის სივრცესა და რესურსებს უზღუდავენ.

2022 წლის თებერვალში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით დადგინდა ახალი წესები, რომლებიც დამატებით ბარიერს ქმნიან მეცნიერებისთვის. კერძოდ, მეცნიერი, რომელიც მუზეუმში დაცულ ფონდებში კვლევას გეგმავს, ვალდებულია მიიღოს არა მხოლოდ კონკრეტული მუზეუმის ხელმძღვანელის ნებართვა, არამედ მუზეუმების გაერთიანების დირექტორატის ნებართვაც, რომელიც თავის მხრივ ამ გადაწყვეტილებას სამინისტროს უნდა ატყობინებდეს.

ამავე ბრძანებით დადგინდა, რომ ამიერიდან რუსთაველის სამეცნიერო ფონდისგან კვლევითი გრანტის მისაღებად კვლევის განმახორციელებელი მუზეუმის დირექტორის თანხმობის გარდა მუზეუმების დირექტორატის ნებართვაც არის საჭირო.

ამავე თვეში, მუზეუმების დირექტორატმა თხოვნით მიმართა რუსთაველის სამეცნიერო ფონდს, სხვადასხვა მუზეუმების მეცნიერთა მიერ წარდგენილი და კონკურსში გამარჯვებული კვლევითი პროექტები ფონდმა აღარ დააფინანსოს.

„ხელოვნების მუზეუმის დირექტორის ინიციატივით, მუზეუმების დირექტორატმა არ გაითვალისწინა ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორისა და მუზეუმების სამეცნიერო საზოგადოების აზრი, ასევე არ შეათანხმა ეს გადაწყვეტილება მუზეუმებთან არსებულ სამეცნიერო საბჭოებთან.  

ამ და სხვა პრობლემურ გადაწყვეტილებებს თან ახლავს მედიაში მიმდინარე კამპანია, სადაც მინისტრი თეა წულუკიანი და მისი ნდობით აღჭურვილი პირი, ნიკა ახალბედაშვილი კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მომუშავე მეცნიერების, მათ შორის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმისა და გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის თანამშრომლების საქმიანობის შესახებ ტენდენციურ, არაკომპეტენტურ და მცდარ ინფორმაციაზე დაფუძნებულ შეფასებებს ავრცელებენ.

ჩვენ ვთვლით, რომ:

  • ეროვნული მუზეუმის დებულება, რომელიც მუზეუმის ფონდებში კვლევითი მიზნებისათვის მეცნიერების და თანამშრომლების დაშვების წინაპირობად მოითხოვს მუზეუმების გაერთიანების დირექტორატის თანხმობას და სამინისტროსთვის შეტყობინებას, კვლევის თავისუფლების შეზღუდვისკენ გადადგმული ნაბიჯია. ეს ნაბიჯი არ ემსახურება სამეცნიერო ინტერესს, აფერხებს კვლევის პროცესს და მუზეუმის როგორც დამოუკიდებელი კვლევითი დაწესებულების ფუნქციას ამცირებს. საქართველოში არსებული სხვადასხვა კვლევითი ჯგუფი მუზეუმთან თანამშრომლობით ახორციელებს კვლევით და საგანმანათლებლო პროექტებს. ამ თანამშრომლობას ხელშეწყობა სჭირდება და არა ახალი ბარიერების შექმნა. დიდი დანაკლისი იქნება, თუ მუზეუმები დაემატება იმ დახურული ინსტიტუციების რიცხვს, სადაც გადაწყვეტილებების ზედმეტი ბიუროკრატიზება კვლევის პროცესს შეუძლებელს ხდის
  • ეროვნული მუზეუმის დირექტორატის გადაწყვეტილება, თხოვნით მიემართა რუსთაველის სამეცნიერო ფონდისთვის 13 გამარჯვებული პროექტის შეჩერების შესახებ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევის საკითხს საქართველოში. გარდა ამ პროექტების შემუშავებაში ჩადებული მეცნიერთა ძალისხმევის უპატივცემულობისა, ეს გადაწყვეტილება ასევე უგულებელყოფს იმ ძალისხმევას, რაც საერთაშორისო და ადგილობრივმა სამეცნიერო საზოგადოებებმა მათ შეფასებაში და მათ როგორც გამარჯვებულების გამოვლენისთვის გაიღო, რაც ასევე ვნებს წლების მანძილზე მოპოვებულ ნდობას რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიმართ.
  • კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დანიშნული მუზეუმების ოთხი ახალი  დირექტორიდან, რომლებიც მუზეუმების დირექტორატში შედიან, სამს ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე არ ჰქონია კულტურის ან მეცნიერების სფეროში მართვის და სამეცნიერო მუშაობის გამოცდილება. ორი მათგანი მუშაობდა იუსტიციის სისტემაში და არ აქვს იმ სფეროს განათლებაც, რომელსაც მის დაქვემდებარებაში მყოფი მუზეუმი ეკუთვნის (ეთნოგრაფიისა და ხელოვნების მუზეუმები), ხოლო ერთი პროფესიონალი სპორტსმენია. ამგვარი საკადრო გადაწყვეტილებები სამინისტროს მხრიდან სამუზეუმო, კულტურისა და მეცნიერების მართვის სფეროს პროფესიონალების მიმართ უნდობლობას ნიშნავს. მეცნიერების შეზღუდვის სასარგებლოდ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო და კულტურული ცენტრების დანიშნულ დირექტორებს ცუდად ესმით სამეცნიერო კვლევების მნიშვნელობა.
  • სამინისტროს ხელმძღვანელების მიერ კონკრეტულ მეცნიერებსა და ინსტიტუციებზე თავდასხმა წარმოადგენს სამეცნიერო საზოგადოების დისკრედიტაციის მაგალითს, სცილდება კულტურის სფეროს პოლიტიკას და ჰგავს პოლიტიკური კონტროლის დამყარების მცდელობას. ამგვარი დამოკიდებულება იწვევს ხელოვნურად წარმოშობილ კონფლიქტებს სახელმწიფოსა და სამეცნიერო საზოგადოებას შორის, მეცნიერების გარიყვასა და სამეცნიერო ინსტიტუციების მიერ მათი პოტენციალის დაკარგვას.

მიღებული გადაწყვეტილებები არის გადახვევა დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების იმ პრინციპებისგან, რომელთა მიხედვითაც სამეცნიერო აზრი, ცოდნის შექმნისა და გავრცელების პროცესი სახელმწიფო მოხელეების ანგაჟირებული ჩარევებისგან, კვლევების შეზღუდვებისა და პოლიტიკური კონტროლისგან დაცული უნდა იყოს.

გთხოვთ იზრუნოთ, რომ

ა) გაუქმდეს სამინისტროს მიერ მუზეუმის ფონდებში მუშაობისთვის დაწესებული ბარიერები და შემუშავდეს ისეთი მოქნილი მექანიზმები თავად მუზეუმების შიგნით, რომელიც არა მხოლოდ უზრუნველყოფს მუზეუმების გახსნილობას კვლევებისადმი, არამედ წაახალისებს კიდეც.

ბ) გაუქმდეს ეროვნული მუზეუმის დირექტორატის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც რუსთაველის ფონდისგან მოითხოვს, ფონდის კონკურსში გამარჯვებული სამეცნიერო კვლევები არ დააფინანსოს.

გ) შეიცვალოს საკადრო პოლიტიკა და კულტურისა და მეცნიერების სფეროს ისეთი მნიშვნელოვანი ცენტრების მმართველებად, როგორებიც არის საქართველოს მუზეუმები, შეირჩეს შესაბამისი სფეროს პროფესიონალები.

დ) სახელმწიფო პოლიტიკის შემმუშავებლები და გამტარებლები მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ მეცნიერების სამუშაოს საჯარო შეფასებებს, თავი შეიკავონ არაკომპეტენტური, არაკეთილგანწყობილი, არასაქმიანი თავდასხმებისგან “- ნათქვამია წერილში. 

წერილს ხელს აწერენ: ზაალ ანდრონიკაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; ეკატერინე ბერიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ნუცა ბათიაშვილი, თავისუფალი უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის პროფესორი; რევაზ ბოჭორიშვილი, კლერმონ-ფერანის (საფრანგეთი) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; ნინო ბურდული, კონფლიქტოლოგი; ელენე გავაშელიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი; კატერინე გედევანიშვილი, გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი; ქეთევან გურჩიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; მარიამ დარჩიაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; ლალი ეზუგბაია, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი; ავით ზედელაშვილი, საქართველოს უნივერსიტეტი, კვლევითი ინსტიტუტი Gnomon Wise; ნინა კულიკოვა, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი; ანა მგელაძე, პროფესორი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, მეცნიერ-თანამშრომელი  საქართველოს ეროვნული მუზეუმი;

ასევე, თორნიკე მეტრეველი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ლუნდის უნივერსიტეტი, აფილირებული მკვლევარი, სანტ გალენის უნივერსიტეტი; ფლორიან მიულფრიდი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; თამარ პატარიძე, ლუვენის უნივერსიტეტი (UCLouvain), ბელგია; ოლივერ რაისნერი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; თეა სორდია, ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი; ეკატერინე ქუთათელაძე, ასოცირებული პროფესორი, ალტე უნივერსიტეტი; მიწვეული ლექტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ელისო ყვავაძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ თანამშრომელი; ლევან ცაგარელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; მაია ჩანქსელიანი, ოქსფორდის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ბეჟან ჯავახია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სრული პროფესორი; სიმონ ჯანაშია, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; დავით ჯიშკარიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული  ლექტორი.

LB loan image desktop LB loan image mobile