ევროკავშირი უნგრეთისთვის 10 მილიარდი ევროს ოდენობით დაფინანსებას განბლოკავს. ასევე განიბლოკება კიდევ 4.2 მილიარდი ევრო შეკავშირების ფონდებიდან.
განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უნგრეთის ახლად არჩეულ პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიართან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ ამის საშუალებას ევროკავშირს ახალი მთავრობის პირობებში რეფორმების კუთხით უნგრეთის მიერ მიღწეული პროგრესი აძლევს.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც მთავრობა შემდგომ ნაბიჯებს გადადგამს, ბუდაპეშტისთვის შეკავშირების ფონდებიდან კიდევ 2.2 მილიარდი ევრო გახდება ხელმისაწვდომი.
ჯამში ორბანის მთავრობის ქმედებების, მათ შორის კანონის უზენაესობის დარღვევის, კორუფციის გაზრდილი რისკებისა და სასამართლო დამოუკიდებლობის შელახვის გამო ევროკავშირი წლების განმავლობაში ბლოკავდა თანხებს უნგრეთისთვის, რამაც 35 მილიარდ ევროს მიაღწია.
რამდენიმე კვირის წინ Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკომისიამ უნგრეთის ახლადარჩეულ მთავრობას გაყინული €35 მილიარდის განსაბლოკად 27 პირობა წაუყენა.
პირობებს შორის არის ქვეყნის სასამართლო სისტემისა და უსაფრთხოების სამსახურების რეფორმირება, აგრეთვე უმსხვილესი საჯარო დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მყოფი უწყებების ხელმძღვანელობის შეცვლა.