Financial Times-ის ინფორმაციით, ევროკომისიამ უნგრეთის ახლად არჩეულ მთავრობას უნგრეთისთვის გამოყოფილი, მაგრამ გაყინული €35 მილიარდის განსაბლოკად 27 პირობა წაუყენა.
მას შემდეგ, რაც პიტერ მადიარმა და მისმა გუნდმა 12 აპრილის საპარლამენტო არჩევნებში ევროსკეპტიკოსი ვიქტორ ორბანი დაამარცხა, ბრიუსელში გაჩნდა იმედი და მოლოდინი, რომ უნგრეთის პოლიტიკა შეიცვლება.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ ევროკავშირი „რაც შეიძლება მალე დაიწყებს მუშაობას უნგრეთის მთავრობასთან, რათა მიაღწიოს სწრაფ პროგრესს უნგრელი ხალხის სასიკეთოდ“. მისივე თქმით, ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი, რათა „უნგრეთი ევროპულ გზას დაუბრუნდეს“.
„მიდგომა ასეთია: მოდით, მაქსიმალურად დავუჭიროთ მას მხარი. თუ ისინი შეასრულებენ პირობებს, ჩვენც შევასრულებთ ჩვენსას“, – თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა,
FInancial Times წერს, რომ ბრიუსელი მაიარისგან მოელის უკრაინისთვის გამოყოფილი €90-მილიარდიან სესხსა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტზე ვეტოს მოხსნას. ევროკავშირისთვის ეს იქნება მთავარი ინდიკატორი იმისა, რომ ახალ პრემიერ-მინისტრს ალიანსთან ღრმად დაზიანებული ურთიერთობების აღდგენა სურს.
როგორც FT-სთვის გახდა ცნობილი, ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა უკვე დაიწყეს მზადება უკრაინის სესხის გასაცემად, რათა თანხის გადარიცხვის შესახებ გადაწყვეტილება მადიარის ინაუგურაციისთანავე იქნას მიღებული.
FInancial Times-ის თანახმად, EU-ის ერთ-ერთი ქვეყნის წარმომადგენლის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ქვეყნის სასამართლო სისტემისა და უსაფრთხოების სამსახურების რეფორმირება, აგრეთვე უმსხვილესი საჯარო დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მყოფი უწყებების ხელმძღვანელობის შეცვლა.
უნგრეთისთვის განკუთვნილი თითქმის 35 მილიარდი ევრო ორბანის მიერ რეფორმებზე უარის თქმისა და ბრიუსელთან უთანხმოების გამოა დაბლოკილი.
ეს თანხა მოიცავს ევროკავშირის ბიუჯეტიდან გამოყოფილ თითქმის 18 მილიარდ ევროს, რომელიც შეჩერებულია კანონის უზენაესობის დარღვევის, კორუფციის გაზრდილი რისკებისა და სასამართლო დამოუკიდებლობის შელახვის გამო. ასევე შეჩერებულია 17 მილიარდ ევროზე მეტი დაბალპროცენტიანი სესხები, რომელიც თავდაცვის სფეროს გასაძლიერებლად არის გამოყოფილი.
FInancial Times წერს, თანხის განსაბლოკად უნგრეთმა 27 პირობა უნდა დააკმაყოფილოს, მათ შორის ანტიკორუფციული შემოწმებები და ორბანის ეპოქის იმ გადაწყვეტილებების გაუქმება, რომლებიც ევროკავშირის წესებს ეწინააღმდეგება: თავშესაფრის მაძიებელთა მიმართ მოპყრობიდან დაწყებული, აკადემიური თავისუფლების უზრუნველყოფით დასრულებული.
კომისიის წარმომადგენლები ასევე ელიან სწრაფ მოლაპარაკებებს მადიარსა და მის გუნდთან ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე. საქმე ეხება უნგრეთის თავშესაფრის კანონმდებლობას, რომელიც ევროკავშირის წესებს ეწინააღმდეგება. ამ დავის გამო უნგრეთს ყოველდღიურად ერთი მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა ეკისრება. ამ ჯარიმებმა უკვე მიაღწია 900 მილიონ ევროს. ბრიუსელი ამ თანხას უნგრეთისთვის განკუთვნილი ბიუჯეტიდან აკავებს.
პიტერ მადიარი არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ამომრჩევლებს დაჰპირდა, რომ აღადგენს დემოკრატიისთვის ძირეული კონტროლისა და ბალანსის პრინციპს, რასაც ორბანი ღიად დასცინოდა. მისივე თქმით, უნგრეთი შეუერთდება ევროპის პროკურატურას (EPPO), რომელსაც აქამდე არ ჰქონია იურისდიქცია უნგრეთში ევროკავშირის სახსრების მითვისებისა და თაღლითობის შემთხვევებზე, ასევე შექმნის ადგილობრივ ანტიკორუფციულ სააგენტოს.
მადიარმა ასევე თქვა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობა, რომელიც ორბანის პროპაგანდისტულ მანქანად იქცა, შეჩერდება მანამ, სანამ მისი მიუკერძოებლობა არ იქნება გარანტირებული.
Financial Time წერს, რომ ბრიუსელი სიფრთხილეს იჩენს, არ გაიმეოროს პოლონეთში დაშვებული შეცდომა, როდესაც 2023 წელს დონალდ ტუსკის ხელახალი არჩევის შემდეგ ევროკომისიამ სწრაფად განბლოკა წინა მემარჯვენე მთავრობის დროს გაყინული თანხები. ბრიუსელს სჯეროდა, რომ დონალდ ტუსკი აღადგენდა მოსამართლეთა დამოუკიდებლობას, თუმცა მის პოლიტიკას ხელი შეუშალა გასულ წელს არჩეულმა პრეზიდენტმა პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ.
უნგრეთის კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის პრეზიდენტს 30 დღე აქვს ახალი პარლამენტის შესაკრებად. ევროკავშირის ოფიციალური პირები შიშობენ, რომ ორბანმა შესაძლოა ეს დრო სამართლებრივი ან საკადრო ცვლილებებისთვის გამოიყენოს, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს მადიარს საჭირო რეფორმების გატარებაში.