მარტა კოსი მოელის, რომ უკრაინისა და მოლდოვისთვის დანარჩენი კლასტერები ივლისში გაიხსნება

პუბლიკა

ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი მოელის, რომ უკრაინისა და მოლდოვისთვის დანარჩენი კლასტერები ივლისში გაიხსნება.

„დღეს ნამდვილად არის მეგა დღე გაფართოების პროცესისთვის. ჩვენ გადავდგამთ პირველ უდიდეს ნაბიჯს უკრაინისა და მოლდოვისთვის მას შემდეგ, რაც მათ 2023 წელს კანდიდატის სტატუსი მიიღეს. როგორც იქნა, შევძლებთ პირველი კლასტერის გახსნას ორივე ქვეყნისთვის. რატომ? იმიტომ, რომ მათ შეასრულეს თავიანთი ვალდებულებები. და თუ ისინი ასრულებენ ვალდებულებებს, ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ. სწორედ ამიტომ, მოველი, რომ ივლისში ჩვენ გავხსნით ყველა დარჩენილ ხუთ კლასტერს და ეს ასევე კარგი სიახლეა“, – თქვა მან დღეს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე.

მისივე განცხადებით, გაფართოება, როგორც ევროკავშირის უმნიშვნელოვანესი საგარეო პოლიტიკა როგორც არასდროს ამართლებს. და ამ მიმართულებით ბოლო 16-17 თვეში იმაზე მეტი გაკეთდა, ვიდრე წინა 15 წლის განმავლობაში.

დღეს, 15 ივნისს ევროკავშირი უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრების მოლაპარაკების პირველ კლასტერს გახსნის. 

ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები დაყოფილია ექვს სხვადასხვა ე.წ. კლასტერად, რომლებიც ევროკავშირის კანონმდებლობის სფეროებს ან „თავებს“ ფართო თემატურ პოლიტიკურ მიმართულებებად აჯგუფებს. არის 35 თავი, რომელიც განაწილებულია 6 კლასტერში.

მოლაპარაკებებში პირველი კლასტერი ეხება ევროკავშირის ფუნდამენტურ დემოკრატიულ, ეკონომიკურ და ინსტიტუციურ საფუძვლებს. მიუხედავად იმისა, რომ პირველი იხსნება, ის არის ბოლო, რომელიც იხურება.


წლების განმავლობაში საქართველო იყო ასოცირების ტრიოს წევრი უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, და ლიდერი სამ ქვეყანას შორის. თუმცა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში დასავლეთთან ურთიერთობები გაუარესდა.

საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიიღო.

2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ სახელით განაცხადა, რომ აჩერებს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკების პროცესს. მის ამ განცხადებას მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელსაც „ოცნების“ ხელისუფლებამ ძალადობით უპასუხა.

საქართველოში საპროტესტო გამოსვლები მცირე მასშტაბით, მაგრამ ამ დრომდე გრძელდება.

„ქართული ოცნება“ ყოველდღიურად ესხმის თავს ევროკავშირს, მის ლიდერებს, ასევე წევრი ქვეყნების ლიდერებს და მათ ელჩებს საქართველოში.