აშშ-მა და ირანმა სამხედრო კონფლიქტის დასრულებაზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს 

პუბლიკა

აშშ-მა და ირანმა სამხედრო კონფლიქტის დასრულებაზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს.

„დაე, ნავთობმა იდინოს!“ – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა TruthSocial-ზე. მანვე განაცხადა ჰორმუზის სრუტის განბლოკვის შესახებ.

მოლაპარაკების შუამავალმა პაკისტანმა განაცხადა, რომ შეთანხმებას ხელი პარასკევს შვეიცარიაში მოეწერება.

დეტალები არ გახმაურებულა, თუმცა Reuters-ის ინფორმაციით, თეირანი აცხადებს, რომ დათანხმდა, არ შექმნას ბირთვული იარაღი, სანაცვლოდ კი აშშ ირანზე სანქციებს მოხსნის და გაყინული მილიარდობით დოლარის ფინანსური აქტივებს გაათავისუფლებს.

ენერგეტიკის ექსპერტების თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ შეთანხმებას ორივე მხარე შეასრულებს, ნავთობისა და გაზის მიწოდების ნორმალიზებას შესაძლოა თვეები დასჭირდეს.

ირანსა და აშშ-ს შორის შეთანხმებას გამოეხმაურნენ საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერები. ერთობლივი განცხადებაში მიესალმნენ „პროგრესს და აღნიშნეს, რომ მზად არიან გააუქმონ სანქციები, თუ თეირანი გადადგამს „ნათელ, გადამოწმებად ნაბიჯებს“ თავისი ბირთვული პროგრამის შესაზღუდად“.

შეთანხმებას გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და განაცხადა, რომ მიესალმება „აშშ-სა და ირანს შორის მიღწეულ შეთანხმებას, რომელიც ხანგრძლივი დიპლომატიური ძალისხმევის შედეგია“.

მისი განცხადებით, ახლა პრიორიტეტი ყველა მხარის მიერ შეთანხმების სწრაფი და სრული იმპლემენტაციაა.

„ამ შეთანხმებამ ჰორმუზის სრუტის დაუყოვნებლივი გახსნა უნდა უზრუნველყოს. გემების გადაადგილების თავისუფლება ყოველგვარი გადასახადის გარეშე უნდა აღდგეს. ეს არსებითია რეგიონული სტაბილურობისა და გლობალური ეკონომიკისთვის.

შეთანხმება გზას უხსნის უფრო ფართო მოლაპარაკებებს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ. მან წერტილი უნდა დაუსვას ირანის ბირთვულ და ბალისტიკურ პროგრამებს და მის მადესტაბილიზებელ საქმიანობას რეგიონში“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და დასძინა, რომ „ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა ვერ იქნება, სანამ ლიბანი ცეცხლშია გახვეული“.

„ევროპა კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა მხარეს, პატივი სცენ ლიბანის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და უზრუნველყონ რეალური ცეცხლის შეწყვეტა“, – წერია ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებაში.

ფონ დერ ლაიენის განცხადებით, დიდი შვიდეულის (G7) ლიდერები საფრანგეთში, ქალაქ ევიანში შეხვდებიან პარტნიორებს ყურის ქვეყნებიდან და ფართო ახლო აღმოსავლეთიდან.


28 თებერვალს პენტაგონმა ისრაელთან ერთობლივი ოპერაციით ირანზე იერიშების მიტანა დაიწყო. იერიშების შედეგად დაიღუპა ირანის უმაღლესი ლიდერი ალი ხამენეი და სხვა ირანელი მაღალჩინოსნები. საპასუხოდ ირანმა ასობით რაკეტა და დრონი გაუშვა ისრაელისა და სპარსეთის ყურის არსებული აშშ-ის ბაზების მიმართულებით.

ომის დაწყებისთანავე ირანმა ფაქტობრივად ჩაკეტა ჰორმუზის სრუტე, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი სრუტეა – მასზე მოდის მსოფლიო ნავთობის ტრანზიტის 20 პროცენტი. შესაბამისად, ამ სრუტის გახსნა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ გამოიწვია ფასების მკვეთრი ზრდა მთელ მსოფლიოში, მათ შორის აშშ-შიც.

ტექნიკურად სრუტე ირანის მიერ სრულად დაკეტილი არ ყოფილა – ირანი ატარებდა ზოგიერთ ტანკერს თითო გემის გატარებისთვის 2 მილიონამდე დოლარამდე გადახდის სანაცვლოდ. ამავე დროს, მთელი ომის განმავლობაში ირანი თავის ნავთობს რეგიონში შესვლისა და გასვლის საშუალებას აძლევდა.

რაც შეეხება ლიბანს – ის აშშ-ის, ისრაელსა და ირანს შორის ომში 2 მარტს ჩაერთო, როდესაც „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით რაკეტები ისროლა ირანის უზენაესი ლიდერის მკვლელობის საპასუხოდ.

მას შემდეგ ისრაელი და ლიბანი რამდენჯერმე შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე. თუმცა, ისრაელი საჰაერო იერიშებს მაინც ახორციელებს ლიბანზე, მათ შორის ბომბავს სამოქალაქო დასახლებებსაც, რაც იწვევს მსხვერპლს მოქალაქეებში და ინფრასტრუქტურის ნგრევას. ლიბანის მხარე ამ ქმედებებს „ზავის პირობების უხეშ დარღვევად და ქვეყნის სუვერენიტეტზე მიზანმიმართულ თავდასხმად მიიჩნევს“.

4 ივნისს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ისრაელი და ლიბანი კიდევ ერთხელ შეთანხმდნენ, განაახლონ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და შექმნან ლიბანის შიგნით რამდენიმე „საპილოტე“ უსაფრთხოების ზონა, სადაც „ჰეზბოლას“ წევრების ყოფნა აიკრძალება.