ქონების გადასახადს მხოლოდ ის ფიზიკური პირები გადაიხდიან, რომელთა წლიური შემოსავალი 100 000 ლარს აღემატება - კანონპროექტი

პუბლიკა

ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი გაუქმდება და გადასახადი მხოლოდ იმ მოქალაქეებზე გავრცელდება, რომელთა წლიური შემოსავალი 100 000 ლარს აღემატება.  

ცვლილება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ შედის.

მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის გადამხდელია მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), აგრეთვე მოძრავ ქონებაზე, მათ შორის იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და მსუბუქ ავტომობილებზე, ასევე არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებულ ქონებაზე.

საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, უძრავ-მოძრავ ქონებაზე დაწესებული ყოველწლიური გადასახადი გაუქმდება იმ მოქალაქეებისთვის, ვისი შემოსავალიც 40 ათასი ლარი და მეტია. გადასახადს მხოლოდ 100 ათასი ლარისა და მეტი შემოსავლის მქონე ფიზიკური პირები გადაიხდიან.

კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ მოქმედი მოდელი და 40 000-ლარიანი ზღვარი ვერ უზრუნველყოფს დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახების დაცვას დამატებითი საგადასახადო ვალდებულებისგან.

საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, ცვლილების შედეგად ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება დაახლოებით 81 000 მოქალაქეს მოეხსნება. განმარტებითი ბარათის მიხედვით, ამ ადამიანებისთვის 2025 წელს დარიცხული ქონების გადასახადი ჯამურად 22.3 მილიონი ლარი იყო. 

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ ქონების გადასახადი სრულად ადგილობრივ ბიუჯეტებში მიემართება, ამიტომ ცვლილება მუნიციპალიტეტების შემოსავლების შემცირებას გამოიწვევს. 2026 წლისთვის აღნიშნული დანაკლისის კომპენსაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან 22.3 მილიონი ლარის ოდენობით არის გათვალისწინებული, ხოლო მომდევნო სამი წლისთვის დანაკარგის კომპენსირება შესაბამისი წლების ბიუჯეტების ფორმირებისას უნდა მოხდეს.

პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით მიიღებს. ცვლილება ოქტომბრიდან ამოქმედდება და მიმდინარე წელს შესავსებ ქონების დეკლარაციებსაც შეეხება. 

განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ფიზიკურ პირებს 2025 წლის მონაცემებით დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება 2026 წლის 1 ნოემბრამდე, ხოლო გადასახადის გადახდის ვადა 15 ნოემბრამდე აქვთ.


მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, ფიზიკური პირის ქონების გადასახადი დამოკიდებულია ოჯახის წლიურ შემოსავალზე და დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულებაზე.

გადასახადის განაკვეთი (შემოსავლის მიხედვით):

  • 40 000 ლარამდე შემოსავალი: ფიზიკური პირი ქონების გადასახადისგან სრულად თავისუფლდება.
  • 40 000-დან 100 000 ლარამდე შემოსავალი: გადასახადის განაკვეთი შეადგენს საგადასახადო წლის ბოლოსთვის არსებული ქონების საბაზრო ღირებულების 0.05%-დან 0.2%-მდე.
  • 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი: გადასახადის განაკვეთი შეადგენს ქონების საბაზრო ღირებულების 0.8%-დან 1%-მდე.