„4 ოქტომბრის საქმის” ერთ-ერთმა ბრალდებულმა ალექსანდრე ჩალაჩავამ 15 ივნისს გამართულ პროცესზე საბოლოო სიტყვით ისარგებლა.
მას ბრალი ორი მუხლით აქვთ წარდგენილი:
- სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად;
- ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა;
პროკურატურის მიერ წარმოდგენილ ვიდეომტკიცებულებებში ის 4 ოქტომბერს ათონელის სასახლის ეზოში გადადის და ერთ წუთში უკან გადმოდის, რაიმე სახის ძალადობრივ ქმედებას არ ახორციელებს. მას 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
„პუბლიკა” გთავაზობთ მისი საბოლოო სიტყვის ძირითად ნაწილს:
„პროკურატურას ნამდვილ მოტივზე საერთოდ არ უსაუბრია. შემოგვაჩეჩეს ორგანიზატორებად, მომწოდებლებად ისეთი ხალხი, რომელთანაც საერთოდ არანაირი კავშირი არ გვქონდა.
პირველ რიგში, ჩემი გამოსვლის მოტივი, მიზეზი იყო ბატონი კობახიძე – ეს იყო 2024 წელს, როდესაც მან უარი თქვა ევროპულ კურსზე და პირდაპირ განუცხადა საზოგადოებას, რომ არ აპირებს, მიჰყვეს ქართველი ხალხის არჩევანს და მისი სურვილია, ეს რომ ეს პროცესი 4 წლით გადაიდოს – ამის შემდეგ გამიჩნდა პროტესტი.
მე რუსეთშიც მიცხოვრია, ევროპაშიც და ზუსტად ვიცი, რა ელოდება ამ ქვეყანას, როგორი ასიმალაციის წინაშე იქნება უახლოეს მომავლში თუ ასეთ რაღაცებზე უარს იტყვის ქვეყანა, კურსს გადაუხვევს და პირდაპირ წავა რუსეთის ხახაში.
ამ პროტესტის შედეგად პირველივე დღიდან გამოვედი ზუგდიდში, ერთი დღე არ გამიცდენია. ყოველ შემდეგ დღეს ვრწმუნდებოდი იმაში, რომ ყოველდღიურად გამოსვლა არა მარტო ჩემთვის – საქართველოს ყველა მოქალაქისთვის პირდაპირი ვალდებულება იყო. მე პირადად მინახავს, საქართველოს რეგიონები როგორ არის ასიმილირებული და შთანთქმული რუსეთის მიერ. გარდა ამისა, წამიკითხავს ისტორია, გარკვეულწილად ვიცნობ საქართველოს ისტორიას, იმას, თუ როგორ იბრძოდა ხალხი, რომ დღემდე მოსულიყო. გადაეცათ ბრძოლის ჟინი.
ხშირად ისმება შეკითხვა – როგორ მოვიდა საქართველო აქამდე – ისეთი ხალხის ზურგზე, სისხლზე, ოფლზე გაიარა საქართველომ დღემდე, რომელიც არ ნებდებოდა და იბრძოდა. არ არსებობს რაციონალურად მოაზროვნე, ერთიანი საქართველოს მომავლით აჟიტირებული [მოქალაქე], რომელიც არ მიილტვოდა ცივლიზაციისკენ, დასავლეთისკენ, რომელიც არ იყო მოწოდებული იმისკენ, რომ ეს ქვეყანა დაეხსნა ამ საშინელი მეზობლისგან.
დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ყოველდღიურად დავდიოდი აქციებზე. როგორც ჩემმა ადვოკატმა განაცხადა, ერთი დარღვევა, ძალადობის ერთი ფაქტი არ არსებობს, რომ რამე დამემტვრია ან ვინმესთვის შეურაცხყოფა მიმეყენებინა – იყო ყოველთვის მშვიდობიანი.
4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციას პირდაპირ მივესალმებოდი იმ განზრახვით, რომ როგორმე შეგროვილიყო ხალხი და ამ არალეგიტიმურ მთავრობას შეეგნო, ეგრძნო ხალხის ძალა და რაღაც კომპრომისზე წამოსულიყო. ეს კომპრომისი იყო არჩევნების ხელახლა დანიშვნა და სწორი კურსი. ეს იყო ჩვენი მოთხოვნა. თუნდაც მისვლა ყაველაშვილის სასახლესთან იყო იმისთვის, რომ ხალხის ძალა ეგრძნო მთავრობას. თვითონ ხალხსაც ენახა, იმ შენიშნებულ ხალხს, ის ძალა, რომელიც იბრძვის ხალხის გადარჩენისთვის.
იქ არანაირი წინაპირობა, შეთანხმება, ჩამოენგრიათ [..] არ ყოფილა.
მიუხედავად ამისა, ჩემი მისვლის დროს, ეს ყველაფერი ჩამონგრეული იყო. მიუხედავად ჩამონგრევისა, ხალხი ეჯაჯგურებოდა ჭიშკარს და რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ის ხალხი, რომელიც მთავრობის დამხობას აპირებდა თურმე, იქ არ შედიოდა. და რატომ?
თუ ამდენი ხალხი იყო, ათი ათასობით ადამიანი გამოსული, დამხობისთვის ორგანიზებული, ნუთუ მათ ვერ მოახერხეს დაცვის 20 პოლიციელის გარღვევა და სასახლის აღება? თუ ვინ უნდა აგვეღო სასახლეში, ამას ვერ ვხვდები.
ჯერ ერთი, გამოვდივართ იმიტომ, რომ ეს მთავრობა არალეგიტიმურია და ამ არალეგიტიმური მთავრობის არჩეული პრეზიდენტი გამოდის ქვეყნის სტრატეგიული მოღვაწე, რომელიც სტრატეგიულ შენობაში ცხოვრობს, რომლის აღების შემთხვევაში დაემხობა ეს ყველაფერი. როდის იყო, ყაველაშვილს ვინმე რამეს ეკითხებოდა?
როცა იგინებოდა, მაშინ ისიც შეუწყვიტეს და ახლა იმასაც ვერ ბედავს. იმის შნო არ ეყო, რომ ჩვეულებრივად გამოსულიყო და შეეწყალებინა ის უდანაშაულო ხალხი.
ან თუ მთავარსარდალია, როგორც კონსტიტუცია მიგვითითებს, დამდგარიყო, გამოსულიყო და ეთქვა ხალხისთვის, მოქცეულიყო, როგორც მთავარსარდალი. სად იყო? იქნებ დაენახა ხალხს, როგორც მთავარსარდალი და დაეჯერებინათ.
[…] სხვათაშორის, ხალხი, ვინც მივიდა, არცერთ ვიდეოზე არ გვინახავს ჩვენ, რომ ვინმეს რამე რკინის მაგვარი ეჭირა, რომ ღობეს დაუდო, ამოუდო, გადაამტვრია ან რამე. ერთადერთი იყო დროშები და წყლის ბოთლი.
ამ ვიდეოს რომ ვუყურებდით, გამახსედნა ეგეთი რამ, რომ ცხრა აპრილის დროს იყო ეგეთი შემთხვევა: ჯოხს ურტყამდა კაცი ტანკს, ჯავშანტექნიკას. სამწუხაროდ, პროკურატურის თანამშრომლებმა არ იციან, ვინ არის ის კაცი, თორემ დაიჭერდნენ ტანკის გაფუჭებისთვის, რუსებს არ ვაწყენინოთო.
მე არც ციხის მეშინია, მე ამისთვის მზად ვიყავი, მზად ვიყავი იმიტომ კი არა, რომ რაღაცას ვაშავებ – ყოველდღე თუ არა, ყოველ ყოველ კვირა მაინც იყო მუქარა ან დაჭერის, ან კიდევ რავიცი, ბევრი რამის. მაგრამ ჩემს შეცოდებას არ ვაპირებ.
მე ამ მშვიდობიან პროტესტზე ჩემი ნებით წავედი, ჩემთვის შეურაცხმყოფელია, რომ ვიღაცამ მითხრას, რომ ვიღაცამ დამიძახა. დიდი პატივისცემა ბატონ ბურჭულაძეს, ქვეყანა რომ ასახელა სიმღერით, მაგრამ ამ კაცს არ ვიცნობ რეალურად. აი აქ ვინც არის, ვისთან ერთადაც დაჭერილი ვარ, ამ ხალხსაც არ ვიცნობ, ერთი ვიდეო არ არსებობს – ორგანიზებულს რომ მედავებიან – თუნდაც ამათთან სადმე ვიდეოში ვიყო მოხვედრილი – ვიდეოც არ არსებობს – ჩემი ტელეფონი აქვთ და გადაემოწმებინათ, რომელიმე აქციის წევრთან, ან კიდევ ორგანიზატორობაში რომ დასდეთ ბრალი, იმათთან რამე კონტაქტი მქონდა. ერთი ვიდეო არ არსებობს, რომ მე რაღაცას ვისვრი, ვამტვრევ, მაგრამ მაინც – 8 თვეა, [ციხეში] ვზივარ და ვეძებ სამართალს.
თან ამ სასამართლოზე სულ მესმის, სასამართლო დამოუკიდებელიაო, ბატონო მოსამართლევ, თქვენგანაც გამიგია. საყვედური, თქვენგან რაც მოვისმინე, ან ადვოკატების მიმართ არის, ან ჩვენ მიმართ. პროკურორის მიმართ ერთი საყვედურიც არ ყოფილა. ამის მერე ამბობთ, რატომ არის პრეტენზია და სასამართლო დამოუკიდებელი რატომ არ მგონია.
არ მგონია იმიტომ, რომ ჩვენი გამოსვლის ერთ-ერთი მიზეზიც იყო უსამართლო სასამართლოს პრობლემა. ზუსტად ამ უსამართლო სასამართლოს ბრალია [დღეს რა დღემდეც ვართ მოსული]. თითო-ოროლა მოსამართლე გამოიძებნა და დაადასტურა, რომ რაღაც ჟონავდა – ვიღაცამ ეს გაბედა.
საბოლოო ჯამში, სასამართლო ხელისუფლება არ დგას სამართლის მხარეს, ეს პირადად ჩემი აზრია, და არამხოლოდ ჩემი…
მე დღეს გამარჯვებულად ვგრძნობ თავს და თანამებრძოლებსაც ვეუბნები, გამარჯვებულები ხართ. უბრალოდ ერთი განსხვავება ის არის, რომ მთავრობა ამბობს, რომ აღიარეთო ჩვენი ლეგიტიმურობაო, ჩვენ მთავრობად გვარიაღეთო.
მე მივმართავ მთავრობას, რომ აღიაროს, რომ დამარცხდა და ჩაატაროს არჩევნები, ამას სხვა არაფერი არ შველის… პირდაპირ ქვეყნის მტრები ხართ. საუკუნეების განმავლობაში ვებრძვით რუსეთს, თავი როგორღაც დავაღწიეთ და თქვენ ისევ იქით ექაჩებით…
[…] საერთოდ არ ვგრძნობ თავს დამნაშავედ. დამნაშავე კი არა, პირიქით, დიდი დანაშაული მიგიძღვით, რვა თვე რომ მაყურყუტებთ ციხეში. თუნდაც რვა წელიც რომ მომცეთ, ამ ბრძოლას გამარჯვების გარდა, სხვა ალტერნატივა არა აქვს.
მივმართავ ხალხს – მე არც სტენსილები და არც პლაკატები, არც არაფერი არ მჭირდება. გამოიტანეთ პლაკატები ღირსშესანიშნავი წინაპრების, მათი ლოგუნგები, რამეთუ ეს მთავრობა, ვინც არ უნდა გამოვიდეს, ყველას აშავებს, თავის მოყვარესაც აშავებს, სხვისასაც – და თურმე ერთი კაცი ყოფილა მხოლოდ მაგარი, ჩვენი მამა-მარჩენალი, არქიფო ბიძინა ივანიშვილი.
ეგრე არ გამოვა, არ დავთმობთ ამას ჩვენ. მე 45 წლის კაცი ვარ და გამოვლილი მაქვს სამოქალაქო ომი, მინახავს რა დრო იყო, გაჭირვება, როგორ ხოცავდა ერთმანეთს ქართველი ხალხი. მე პირდაპირ წინააღმდეგი ვარ ესეთი რამის – ძალადობის წინააღმდეგი ვარ. მაგრამ მშვიდობიანი პროტესტით, სიჯიუტით, პრინციპულობით, უკან არ დახევით, ჩვენ გამარჯვებას ძალიან მალე ვიზეიმებთ.
მადლობა სასამართლოს. იმედი მაქვს სასამართლო მიუკერძოებელია, იმედს ვიტოვებ. მაგრამ რა ვქნათ ეხლა, რაც არის, ის არის მოცემულობა, დიდი იმედი მაქვს გამამართლებელი განაჩენი გამოვა.
ბრძოლა ბოლომდე!”, – თქვა მან პროცესზე.