გაძევებული ბელარუსელი აქტვისტი დაკავების დეტალებს იხსენებს, შსს განცხადებით პასუხობს

პუბლიკა

ბელარუსული გამოცემა „პოზირკის“ ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ 25 სექტემბერს დაკავებული ბელარუსელი აქტივისტი ლევ მიხეევი სომხეთის საზღვართან მიიყვანეს და ახლა სომხეთში იმყოფება. მიხეევი, რომელიც საქართველოში თავშესაფარს 2021 წლიდან ითხოვდა, გამოცემასთან ამბობს, რომ იგი სომხეთშიც დააკავეს, რადგან ბელარუსის ხელისუფლებას მასზე ძებნა აქვს გამოცხადებული.

შსს მედიაში გავრცელებულ ცნობებს „დამახინჯებულს“ უწოდებს და განცხადებას ავრცელებს.

„ვცადე პირადობის მოწმობის შეცვლის სტანდარტული პროცედურის გავლა. წინასწარ ვიზრუნე ამაზე და პროცედურა თითქმის ერთი თვით ადრე დავიწყე. მივედი მიგრაციის დეპარტამენტში, მარტყოფში და დავწერე განცხადება. ფოტოსურათთან ერთად ჩაიბარეს და მითხრეს, გადაწყვეტილების მისაღებად ორ კვირაში მოსულიყავი, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდებოდა ხოლმე“, – განაცხადა მიხეევმა.

გამოცემის ცნობით, ორი კვირის თავზე მიხეევი მივიდა, თუმცა მოვლენები მოულოდნელად განვითარდა: 

„შემიყვანეს, სკამზე დასვეს და დიდხანს არაფერი ხდებოდა. ბოლოს თანამშრომლები გამოჩნდნენ და მიმითითეს, რომ მათთან ერთად თბილისში უნდა წავყოლოდი გასაუბრებაზე […] მანქანაში იმწამსვე ჩამსვეს. მხოლოს ის მოვასწარი, რომ მოკლე შეტყობინება გამეგზავნა [უფლებადამცველ] რომან [კისლიაკთან], სანამ ტელეფონს წამართმევდნენ. ფაქტობრივად, იმ მომენტიდან პატიმრის მდგომარეობაში აღმოვჩნდი“, — აღნიშნა მიხეევმა.

მან დასძინა, რომ თბილისში, ოფისში დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ჰყავდათ, რადგან თარჯიმანს ელოდებოდნენ. 

„ჩემს საკითხზე საქმის მწარმოებელი გამოჩნდა და თქვა, რომ არალეგალი ვიყავი და ჩემს დოკუმენტს, ჩემს პირადობას, რომელსაც ვადა ჯერ არ ამოწურვოდა, საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა“, – ამბობს ბელარუსელი აქტივისტი.

გამოცემის ცნობით, მიხეევს ორი ვარიანტი შესთავაზეს: „საქართველოდან ბორკილებით გაძევება“ ან მისი ნებაყოფლობით დატოვება სასურველი მიმართულების არჩევით, თუნდაც ბელარუსში. მან უარი თქვა სამშობლოში დაბრუნებაზე, რადგან „თავშესაფარი სწორედ იმის გამო ითხოვა, რომ სამშობლოში იდევნებოდა“. აქტივისტმა ცოტა დრო ითხოვა, სულ მცირე დროებითი პირადობის მოწმობის ვადის ამოწურვამდე (9 ოქტომბერი), თუმცა ქართველმა ძალოვნებმა უარი განუცხადეს.

„კაბინეტიდან კაბინეტში დამატარებდნენ. მოვიდა ექიმი, საცვლებამდე გამაშიშვლეს – რაღაც საშინელება. შემდეგ სახლში წავედით, რამდენიმე ნივთი ჩავალაგე და დეპარტამენტში წავედით. შემდეგ საბადრაგო მანქანით აქ მომიყვანეს (საზღვარზე) და გამომაგდეს“, — თქვა მიხეევმა.

მისი თქმით, სომხეთი მან თვითონ აირჩია. გაძევების თაობაზე სასამართლო პროცესი არ ჩატარებულა, მას „ქართულ ენაზე მრავალ ქაღალდზე მოაწერინეს ხელი“, რომელთა შინაარსიც არ ესმოდა. „მივხვდი, რომ ისინი უბრალოდ შეშლილები არიან. მათთან რამეზე კამათი რთულია. ჯანდაბას, იყოს სომხეთი. და პროცესიც დაიძრა“, – განმარტა მიხეევმა.

გამოცემა წერს, რომ ის სომხეთის საზღვარზე დააკავეს, რადგან მინსკის მოთხოვნით დსთ-ის ქვეყნების სახელმწიფოთაშორისო ძებნილთა ბაზაში იმყოფება. ერევანი, რომელმაც ევროკავშირთან დაახლოების კურსი აიღო, პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირებს არ გადასცემს.

ბელარუსმა უფლებადამცველმა რომან კისლიაკმა, რომელიც საქართველოში ცხოვრობს და რამდენიმე წელია საერთაშორისო დაცვის მიღებას ცდილობს, „პოზირკს“ განუცხადა, რომ მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა საქართველოს ხელისუფლებიდან მიხეევის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის მიღებას. ამისთვის მან მიგრაციის დეპარტამენტს მიმართა, ხოლო როდესაც ინფორმაციაზე უარი მიიღო, პოლიციას მიმართა.

„112-ის სამსახურში დარეკე და განვაცხადე, რომ ადამიანი დაკარგული იყო. კრიმინალური პოლიციიდან დამიკავშირდნენ, მისი საბუთები ითხოვეს და ძებნა დაიწყეს. შესაძლოა, ამან მისი დეპორტაციის პროცესიც კი დააჩქარა, რადგან სწორედ იმ დროს დაიწყეს მისი საკნიდან საკანში გადაყვანა. ჩვენ ეს არ ვიცოდით“, – თქვა კისლიაკმა.

„სანამ ლეოს ვეძებდით, ის იზოლაციაში იმყოფებოდა, გარე სამყაროსთან კონტაქტის გარეშე. ეს ფაქტობრივად იძულებითი გაუჩინარება იყო. დიდხანს არ გაგრძელებულა, მაგრამ აბსოლუტურად უუფლებო მდგომარეობა იყო. მას არ მიეცა შესაძლებლობა დაკავშირებოდა ადვოკატებს ან ესარგებლა კანონისა და სამართლის დაცვით, ის იძულებით გააძევეს“, – თქვა უფლებადამცველმა.

მისი ინფორმაციით, მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი, რომ ივლისში სააპელაციო სასამართლომ მიხეევის საქმეზე რაღაც გადაწყვეტილება მიიღო, სავარაუდოდ, დეპორტაციაზე.

„ჩვენ არ გვინახავს არანაირი გადაწყვეტილება და ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, გავარკვევთ. საქართველო იმაზე უფრო უუფლებო სახელმწიფო ხდება, ვიდრე მანამდე იყო, სამწუხაროდ“, – განაცხადა კისლიაკმა.

მასალის ბოლოს „პოზირკი“ წერს:

საქართველოს, რომელსაც 2012 წლიდან პრორუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნება“ მართავს, ბელარუსის მოქალაქეების არცერთი მოთხოვნა თავშესაფარზე არ დაუკმაყოფილებია. 2026 წლის პირველ ნახევარში ქვეყნიდან 24 ბელარუსი გააძევეს. სავარაუდო მიზეზები: ყოფნის ვადის გადაცილება (ზედიზედ 365 დღეზე მეტი), ვადაგასული პასპორტი (რომლის შეცვლაც საელჩოში შეუძლებელია ალექსანდრე ლუკაშენკოს 2023 წლის 4 სექტემბრის დისკრიმინაციული ბრძანებულების გამო), დანაშაულის ჩადენა.

ამ წლის ივნისში, ბელარუსი ყოფილი პოლიტპატიმარი (სახელი არ სახელდება) საქართველოდან სომხეთში პირველად იქნა დეპორტირებული.

მიხეევის შესახებ გავრცელებულ ცნობებს შსს „დამახინჯებულს“ უწოდებს. უწყების განცხადებას უცვლელად გთავახობთ:

„თავდაპირველად განვმარტავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში უცხო ქვეყნის მოქალაქესთან, რომელიც ქართულ ენას არ ფლობს, კომუნიკაცია ხორციელდება თარჯიმნის მონაწილეობით. მათ შორის, პირისთვის დოკუმენტების გაცნობისა და ხელმოწერის პროცესში უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფორმაციის მისთვის გასაგებ ენაზე თარგმნა და განმარტება.

შესაბამისად, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ლევ მიხეევს ხელი მოაწერინეს მისთვის გაუგებარ, ქართულ ენაზე შედგენილ დოკუმენტებზე ისე, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია მათი შინაარსის შესახებ. დოკუმენტებზე ხელმოწერამდე მას თარჯიმნის მეშვეობით მიეწოდა შესაბამისი ინფორმაცია და განემარტა მათი შინაარსი.

ასევე განვმარტავთ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა შესაბამის სასაზღვრო გამშვებ პუნქტამდე გადაყვანა ხორციელდება სპეციალურად გამოყოფილი საბადრაგო ავტოსატრანსპორტო საშუალებებით. უშუალოდ ლევ მიხეევის გადაყვანა განხორციელდა 2025 წელს გამოშვებული „IVECO“-ს ბრენდის ავტოსატრანსპორტო საშუალებით.

საზოგადოების დეტალური ინფორმირების მიზნით, ასევე განვმარტავთ, რომ ლევ მიხეევმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით 2021 წელს მიმართა. საკუთარ მოთხოვნას იგი ბელარუსის რესპუბლიკაში მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებდა.

მიგრაციის დეპარტამენტმა „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სტანდარტების დაცვით შეისწავლა აღნიშნული საქმე და 2024 წლის 27 სექტემბერს ლევ მიხეევს უარი უთხრა საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე, ვინაიდან, დეპარტამენტის გადაწყვეტილების თანახმად, არ არსებობდა კანონით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭების სამართლებრივი საფუძველი.

აღნიშნული გადაწყვეტილება ლევ მიხეევმა გაასაჩივრა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში. ორივე ინსტანციის სასამართლომ ძალაში დატოვა მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილება. შესაბამისად, 2026 წლის 29 ივნისიდან ლევ მიხეევი საქართველოში აღარ ითვლებოდა თავშესაფრის მაძიებლად“, – აცხადებს შსს.