სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: ზოგიერთის აზრით, გიუმრიში რუსეთის სამხედრო ბაზა საფრთხეა

პუბლიკა

ავტორი: არშალუის ბარსეღიანი

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ალენ სიმონიანმა მიანიშნა, რომ ქვეყანაში ზოგიერთი ადამიანი გიუმრიში მდებარე რუსეთის სამხედრო ბაზას საფრთხედ მიიჩნევს. ამასთან, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ერევანს მოსკოვთან ბაზის გაყვანის საკითხი არ დაუყენებია.

გიუმრიში რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზა თავდაპირველად 1940-იან წლებში შეიქმნა და, სავარაუდოდ, 3 000-ზე მეტ რუს სამხედრო მოსამსახურეს აერთიანებს. ის სამხრეთ კავკასიაში რუსეთის მნიშვნელოვანი სამხედრო ყოფნის ფუნქციას ასრულებს.

წლების განმავლობაში ბაზა არაერთი დაპირისპირების საგანი გამხდარა, მათ შორის იყო ბრალდებები რუსი სამხედრო დეზერტირების დაკავებისა და გატაცების, ასევე ბაზის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ. ყველაზე მძიმე შემთხვევა 2015 წელს მოხდა, როდესაც რუსმა სამხედრო მოსამსახურემ ერთი ოჯახის შვიდი წევრი მოკლა.

24 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე სიმონიანს ჰკითხეს, ავტომატურად გამოიწვევს თუ არა სომხეთ-თურქეთის საზღვრის შესაძლო გახსნა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზება სომხეთიდან რუსეთის სამხედრო ბაზის გაყვანას.

„არ ვიცი, საზღვარი რომ არ გახსნილიყო, იქნებოდა თუ არა აქ ამ სამხედრო ბაზის არსებობა აუცილებელი სომხეთის უსაფრთხოებისთვის. არსებობს მოსაზრება, რომ პირიქით, ის საფრთხეს წარმოადგენდა“, – განაცხადა სიმონიანმა. მას არ დაუკონკრეტებია, ვინ და როდის გამოთქვამდა მსგავს მოსაზრებებს.

2022 წლის შეთანხმების მიუხედავად, რომელიც მესამე ქვეყნების მოქალაქეებისა და დიპლომატებისთვის სახმელეთო საზღვრის გადაკვეთის შესაძლებლობას ითვალისწინებს, თურქეთს საზღვარი 1993 წლიდან დახურული აქვს და მის შესაძლო გახსნას სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესში პროგრესს უკავშირებს.

სიმონიანმა ასევე განაცხადა, რომ ამჟამად თურქეთის მხრიდან სომხეთის სუვერენიტეტისთვის „საფრთხეს ვერ ხედავს“. მისი თქმით, 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონის სამიტის შემდეგ, „საერთოდ ვერ ხედავს რაიმე საფრთხეს და არ სურს სამხედრო ბაზის ფაქტორის თურქეთთან დაკავშირება“.

„ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და განხილვის საკითხია, რომელიც რუსულმა მხარემ დააყენა. სომხურმა მხარემ განაცხადა, რომ მზად არის ამ საკითხის განსახილველად, შედეგის მიუხედავად“, – თქვა სიმონიანმა.

მან ასევე მიანიშნა, რომ სომხეთზე აზერბაიჯანის სამხედრო თავდასხმები 2021 და 2022 წლებში, ისევე როგორც 2023 წლის სექტემბერში აზერბაიჯანის საბოლოო შეტევა მთიან ყარაბაღზე მაინც განხორციელდა „ბაზის არსებობისა და რუსი მშვიდობისმყოფელების ყოფნის მიუხედავად“

ამასთან, სიმონიანმა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთის მთავრობას რუსეთთან არცერთ შეხვედრაზე არ გამოუყენებია ტერმინი „სამხედრო ბაზა“. მისი თქმით, საკითხი პირველად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე წამოჭრა.

„თუ სომხეთი მიიჩნევს, რომ იქ რუსეთის სამხედრო ბაზა საჭირო არ არის, ჩვენ ხვალვე წავალთ. მაგრამ არის თუ არა მზად სომხეთი ამისთვის? თუ მზად არის, გთხოვთ. ჩვენ არავის არაფერს მოვახვევთ თავს“, – თქვა მაშინ პუტინმა.

პუტინის განცხადების შემდეგ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხურ მხარეს ეს საკითხი არასდროს დაუყენებია. მან ასევე თქვა, რომ სომხეთი გიუმრიში რუსეთის სამხედრო ბაზის არსებობას „სასიცოცხლო აუცილებლობად“ არ მიიჩნევს და დასძინა, რომ ერევანი არ შეეწინააღმდეგება, თუ მოსკოვი ბაზის გაყვანას გადაწყვეტს. „თუმცა, თუ ისინი დარჩენის სურვილს გამოთქვამენ, ჩვენ ამის განხილვისთვისაც მზად ვართ“, – თქვა ფაშინიანმა.

გაზის ფასს „პოლიტიკური“ კომპონენტი აქვს

რუსული სამხედრო ბაზის საკითხი ერევანსა და მოსკოვს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე განიხილება – სომხეთი ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების დამყარებას ცდილობს, რუსეთი კი სომხურ პროდუქციაზე სავაჭრო შეზღუდვებს აგრძელებს.

ერევანმა მიანიშნა, რომ შესაძლოა რუსეთს ბაზისთვის იჯარის გადასახადი დააკისროს, თუ მოსკოვი სომხეთისთვის ბუნებრივ გაზს გააძვირებს. აქამდე მოსკოვს გიუმრიში ბაზის განთავსებისთვის არაფერი გადაუხდია.

მაისის ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა სომხეთს წერილი გაუგზავნა და გააფრთხილა, რომ შესაძლოა შეწყვიტოს გაზის, ნავთობპროდუქტებისა და დაუმუშავებელი ალმასების უბაჟო მიწოდება, თუ ერევანი ევროკავშირში გაწევრების პროცესს გააგრძელებს.

24 სექტემბერს ალენ სიმონიანმა ასევე ისაუბრა იმ ვარაუდებზე, რომ შესაძლოა, რუსეთიდან იმპორტირებული გაზის ფასი გაიზარდოს. მისი თქმით, სომხეთი განიხილავს გაზის მიწოდების შეთავაზებებს ოთხივე მეზობელი ქვეყნისგან: ირანისგან, საქართველოსგან, თურქეთისგან და აზერბაიჯანისგან, ასევე ნებისმიერი სხვა ქვეყნისგან, რომელიც გაზის ტრანზიტით მიწოდებას შესთავაზებს.

კითხვაზე, განიხილავს თუ არა სომხეთი რუსეთთან შეთანხმებებს გაზის დაბალი ფასების შესანარჩუნებლად მისი დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის ფარგლებში​, სიმონიანმა თქვა, რომ არა – „სომხეთს თავისი პოლიტიკური გზა და საკუთარი გადაწყვეტილება აქვს“.

მისი თქმით, გაზის ფასს ასევე აქვს პოლიტიკური კომპონენტი.

„ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ და აღარ ვიქნებით დამოკიდებული ერთ მილსადენზე, ერთ ახირებაზე და ზეწოლის ერთ წერტილზე. ჩვენ გავაგრძელებთ სომხეთის ეკონომიკის ყველა სექტორის დივერსიფიკაციის პროცესს“, – განაცხადა სიმონიანმა.

დაძაბული ურთიერთობების ფონზე, 24 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი რუსეთში სომხეთის ელჩ გურგენ არსენიანს შეხვდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობებისა და „ევრაზიული ინტეგრაციის ორგანიზაციების“ ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებზე შემდგომი მოლაპარაკებების მზადყოფნა გამოხატეს.

იმავე დღეს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ოლეგ სალიუკოვმა განაცხადა, რომ თუ ერევანს საკუთარი არმიის NATO-ს სტანდარტების შესაბამისად სრულად რეფორმირება სურს, სომხეთის გადასახადის გადამხდელებს მოუწევთ იმ ხარჯების დაფარვა, რომლებიც რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ/კუხო) სტანდარტებიდან გადასვლას მოჰყვება. სალიუკოვმა ასევე განაცხადა, რომ NATO-ს სტანდარტები, გარდა იმისა, რომ უფრო ძვირია, „ყოველთვის ეფექტიანი არ არის“.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.