ფოტო: არშალუის ბარსეღიანი
სომხეთმა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EAEU) ფარგლებში საჩივარი შეიტანა რუსეთის მიერ სომხური პროდუქციის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვების გამო.
„აქ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რუსეთთან ჩვენი კომუნიკაცია, არამედ ის შესაძლებლობებიც, რომლებიც ევრაზიული კავშირის ფარგლებში გვაქვს, რადგან არსებობს კონკრეტული მექანიზმები, რომელთა გამოყენებაც მსგავსი დაბრკოლებების მოსახსნელად შეიძლება. ჩვენ ამ შესაძლებლობებს აქტიურად ვიყენებთ“, – განაცხადა სომხეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ტიგრან გასპარიანმა 9 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე.
გასპარიანმა ასევე თქვა, რომ საჩივრის წარდგენის შემდეგ სომხეთის ხელისუფლება „იმედოვნებს და დარწმუნებულია“, რომ შესაბამისი მექანიზმები ამოქმედდება და დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება.
ამასთან, გასპარიანმა თავი აარიდა პირდაპირ პასუხს კითხვაზე, არის თუ არა უსაფუძვლო რუსეთის მხარის პრეტენზიები სომხური პროდუქციის ხარისხთან დაკავშირებით.
„ჩვენი შეფასებით, ეს დაბრკოლებები არ შეესაბამება ევრაზიული კავშირის ფარგლებში მიღწეულ შეთანხმებებსა და პრინციპებს. სწორედ ამიტომ ვმუშაობთ იმაზე, რომ ევრაზიულმა კავშირმა თავისი პრინციპების შესაბამისად იმოქმედოს“, – განაცხადა მან.
გასპარიანმა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთი „პრინციპების აღსადგენად ევრაზიული კავშირის ინსტრუმენტებს იყენებს“.
„სომხეთი EAEU-ს სრულუფლებიანი წევრია და კავშირის ყველა არსებული მექანიზმი უნდა ამოქმედდეს“, – დასძინა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.
„რადიო თავისუფლებისთვის“ ეკონომიკის სამინისტროდან მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, სომხურმა მხარემ ევრაზიის ეკონომიკურ კომისიას მიმართა მოთხოვნით, ევრაზიული კავშირის ფარგლებში სომხური წარმოშობის საქონლის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები ვაჭრობის „ბარიერებად“ იქნეს აღიარებული.
„რადიო თავისუფლების“ ცნობით, ასეთი განაცხადების განხილვის პროცედურა 60-დან 90 დღემდე გრძელდება და მოიცავს „საკითხის წარდგენას, ექსპერტულ განხილვებს, წევრი სახელმწიფოების პოზიციების მიღებასა და საბოლოო დასკვნის მომზადებას“.
სომხეთის მიმართვას წინ უძღოდა რუსეთის მიერ არაერთ სომხურ პროდუქციაზე დაწერილი სავაჭრო შეზღუდვების სერია, რომელიც ივნისში დაგეგმილ სომხეთის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ამოქმედდა. ბევრმა ეს შეზღუდვები არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის საბოლოოდ წარუმატებელი მცდელობის ნაწილად შეაფასა, რადგან რუსეთი ღიად გამოხატავდა უკმაყოფილებას პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და მისი მთავრობის მიმართ.
შეზღუდვები შეეხო სომხეთის სოფლის მეურნეობის ზოგიერთ პროდუქტსაც კი, რომელთა მოსავალიც ჯერ აღებული არ იყო. ამასთან, აიკრძალა სომხური პროდუქციის გარკვეული ჩამონათვალის რუსეთის გავლით ევრაზიული კავშირის სხვა წევრ ქვეყნებში ტრანზიტიც.
სომხეთის მიმართვას წინ უძღოდა ფაშინიანის რამდენიმე განცხადება, რომელთა მიხედვითაც რუსეთის მიერ დაწესებული შეზღუდვები EAEU-ს რეგულაციებს ეწინააღმდეგებოდა.
რუსეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობები კვლავ დაძაბულია. ამ ფონზე, „რუსული სახლის“ („როსსოტრუდნიჩესტვო“) ხელმძღვანელმა იგორ ჩაიკამ ორმხრივი ურთიერთობები ამჟამად „დიდ ოჯახში არსებულ ურთიერთობებს“ შეადარა.
„ეს ნორმალური ურთიერთობებია, როგორც დიდ ოჯახში, ხანდახან რაღაცები ხდება“, – თქვა იგორ ჩაიკამ 9 სექტემბერს.
„რუსული სახლის“ ვებგვერდის თანახმად, ორგანიზაციის „მთავარი მისიაა მსოფლიოში რუსეთის ჰუმანიტარული გავლენის გაძლიერება“. სხვა რუსულ სახელმწიფო ორგანიზაციებთან ერთად, „რუსული სახლიც“ ევროკავშირმა 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ სანქციების სიაში შეიყვანა. ორგანიზაციას ასევე ადანაშაულებენ ჯაშუშობისა და სხვა უკანონო საქმიანობისთვის გამოყენებულ ცენტრად ყოფნაში.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.