ავტორი: არშალუის ბარსეღიანი
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ სომხეთი გიუმრიში რუსეთის სამხედრო ბაზის არსებობას „სასიცოცხლო აუცილებლობად“ არ მიიჩნევს. ამასთან, მისი თქმით, ერევანი წინააღმდეგი არ იქნება, თუ მოსკოვი ბაზის გაყვანას გადაწყვეტს, თუმცა თავად სომხურ მხარეს ეს საკითხი არასდროს დაუყენებია.
ფაშინიანმა ეს განცხადება 3 სექტემბერს, ხუთშაბათის ყოველკვირეულ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრიდან ორი დღის შემდეგ გააკეთა. 1 სექტემბერს ფაშინიანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ პუტინმა თქვა, რომ რუსეთი მზად არის, სომხეთიდან თავისი სამხედრო ბაზა გაიყვანოს, თუ ერევანი ამას მოითხოვს.
„თუ სომხეთი მიიჩნევს, რომ რუსული სამხედრო ბაზა სომხეთში საჭირო არ არის, ჩვენ ხვალვე წავალთ. მაგრამ არის თუ არა სომხეთი ამისთვის მზად? თუ მზად არის, გთხოვთ. ჩვენ არავის არაფერს მოვახვევთ თავს“, – თქვა პუტინმა.
გიუმრიში განთავსებული რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზა 1940-იან წლებში შეიქმნა და მასში 3 000-ზე მეტი რუსი სამხედრო მოსამსახურე მსახურობს. ის სამხრეთ კავკასიაში რუსეთის სამხედრო ყოფნის ერთ-ერთ მთავარი დასაყრდენია.
წლების განმავლობაში ბაზა არაერთი დაპირისპირების მიზეზი გახდა, მათ შორის იყო რუსი სამხედრო დეზერტირების დაკავებისა და გატაცების ბრალდებები, ასევე ბაზის გარეთ რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი დანაშაულები. ყველაზე მძიმე ინციდენტი 2015 წელს მოხდა, როდესაც რუსმა ჯარისკაცმა ერთი ოჯახის შვიდი წევრი მოკლა.
3 სექტემბერს ფაშინიანმა თქვა, რომ არც მას და არც სომხეთის სხვა ოფიციალურ პირებს არასოდეს დაუყენებიათ ბაზის გაყვანის საკითხი.
„ამ პერიოდში რუსეთის სამხედრო ბაზის საკითხი ერთხელაც კი არ დაგვიყენებია დღის წესრიგში. ასევე არ არის სწორი იმის თქმა, რომ სომხეთის ტერიტორიაზე რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის არსებობას სასიცოცხლო აუცილებლობად მივიჩნევთ“, – განაცხადა ფაშინიანმა.
მისი თქმით, სომხეთი „წინააღმდეგი არ იქნება“, თუ რუსეთი ბაზის გაყვანას გადაწყვეტს. „მაგრამ თუ ისინი დარჩენის სურვილს გამოთქვამენ, ჩვენ მზად ვართ, ეს საკითხიც განვიხილოთ“, – თქვა ფაშინიანმა.
სომხეთის რკინიგზის მომავალი კვლავ გაურკვეველია
ფაშინიანმა ასევე ისაუბრა სომხეთის რკინიგზის მომავალზე. ეს საკითხი მან პუტინთან შეხვედრის დროსაც განიხილა, თუმცა შეხვედრის შემდეგ მხარეებმა საკითხი განსხვავებულად განმარტეს.
„ჩემი შთაბეჭდილებაა, რომ შევთანხმდით, რომ უნდა ვიმუშაოთ კონცესიის უფლებების მესამე, მისაღები ქვეყნისთვის მიყიდვის მიმართულებით“, – თქვა ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე.
მანამდე ფაშინიანმა არაერთხელ თქვა, რომ 2008 წელს გაფორმებული 30-წლიანი კონცესიის ხელშეკრულების საფუძველზე რკინიგზას რუსეთი მართავს, რის შედეგადაც სომხეთმა „კონკურენტული უპირატესობა“ დაკარგა, რადგან საერთაშორისო მარშრუტები ქვეყანას გვერდს უვლის.
თებერვალში ფაშინიანი გამოვიდა წინადადებით, რომ მესამე ქვეყანას, რომელსაც როგორც სომხეთთან, ისე რუსეთთან „მეგობრული ურთიერთობები“ აქვს, შეეძლოს სომხეთის რკინიგზის კონცესიის მართვის უფლებების „შეძენა“. შესაძლო კანდიდატად მან ყაზახეთი დაასახელა.
„ჩემთვის აშკარაა, რომ არსებული ვითარება დიდხანს ვერ გაგრძელდება და ჩვენ გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ“, – განაცხადა ფაშინიანმა.
თუმცა, როგორც ჩანს, რუსეთს ამ საკითხზე განსხვავებული პოზიცია აქვს.
1 სექტემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ს განუცხადა, რომ მოსკოვი „სამხრეთ კავკასიის რკინიგზის“ (SCR) კონცესიის რომელიმე მესამე მხარისთვის მიყიდვის „ობიექტურ მიზეზებს ვერ ხედავს“.
ოვერჩუკმა ასევე თქვა, რომ ერევანს მოსკოვთან კონცესიის გადაცემის საკითხი „სიღრმისეულად“ არ განუხილავს და ოფიციალური მოთხოვნაც არ ყოფილა.
თავის მხრივ, პუტინმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რკინიგზის საკითხი ფაშინიანთან მომავალ მოლაპარაკებებზე განიხილება. მან დასძინა, რომ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების მოცულობა სატვირთო გადაზიდვების მოცულობაზე იქნება დამოკიდებული.
ატომური ელექტროსადგური და მეტრო
ფაშინიანმა ასევე დაადასტურა, რომ რუსეთის სახელმწიფო ატომური ენერგეტიკული კორპორაციის, „როსატომის“ ხელმძღვანელი ალექსეი ლიხაჩოვი სექტემბრის ბოლომდე სომხეთში ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ რუსეთის წინადადებებს წარადგენს.
„ადრეც მითქვამს, რომ ატომური ელექტროსადგურის საკითხი ჩვენთვის გეოპოლიტიკური არჩევანი არ არის; ჩვენ გვჭირდება ფასისა და ხარისხის საუკეთესო თანაფარდობა. ვინც საუკეთესო შეთავაზებას გაგვიკეთებს, იმ შეთავაზებას გავყვებით“, – განაცხადა ფაშინიანმა.
2023 წლის დეკემბერში სომხეთმა „როსატომთან“ ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც მეტსამორის ატომური ელექტროსადგურის (მეს) მე-2 ენერგობლოკის ექსპლუატაცია 2036 წლამდე გაგრძელდება. ეს რეაქტორის ექსპლუატაციის ვადის მეორე გახანგრძლივება იყო, რის შემდეგაც ფაშინიანმა განაცხადა, რომ მისი მუშაობა შესაძლოა კიდევ 10 წლით, 2046 წლამდე გაგრძელდეს.
ამავდროულად, მიმდინარეობს ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ განხილვები – მთავრობა უპირატესობას მოდულურ ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ სადგურს ანიჭებს.
ფაშინიანის თქმით, სომხეთი რუსეთთან ასევე განიხილავს ერევანში აჯაფნიაკის მეტროსადგურის მშენებლობას და ამ სფეროში მოსკოვის გამოცდილებას ითვალისწინებს.
„საქმე მხოლოდ აჯაფნიაკს არ ეხება. ერევნის მეტროს განვითარების ახალი ეტაპის დაწყება მხოლოდ ერთი სადგურით ვერ შემოიფარგლება“, – თქვა ფაშინიანმა.
მისი თქმით, ამჟამინდელი ხედვა სულ მცირე ოთხი ახალი სადგურის აშენებას ითვალისწინებს, რაც ერევანში მეტროს წრიული მარშრუტის შექმნის შესაძლებლობას გააჩენს.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.