შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 1.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სასამართლომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში (სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილი) დამნაშავედ ცნო. მას სასჯელის სახედ და ზომად 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ვლადიმერ ხუნდაძე, რომელიც 2025 წლის პირველ ნახევარში შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, პირადი ნაცნობობა აკავშირებდა ბორის გოგიჩაიშვილთან.
უწყების განცხადებით, გოგიჩაიშვილი თანამზრახველებთან ერთად გორში უცხოური ბრენდების სასაქონლო ნიშნების გამოყენებით ალკოჰოლური სასმელების, კერძოდ, ვისკისა და არაყს უკანონოდ ამზადებდა და ინახავდა.
პროკურატურა ამბობს, რომ ალკოჰოლური სასმელების დასამზადებლად საჭირო სხვადასხვა პროდუქციის საქართველოში უსაფრთხოდ შემოტანის მიზნით, გოგიჩაიშვილმა დახმარებისთვის ხუნდაძეს მიმართა, რომლის სამსახურებრივ უფლებამოსილებაში საბაჟო პროცედურების კონტროლი და ზედამხედველობა შედიოდა.
„ვლადიმერ ხუნდაძე ბორის გოგიჩაიშვილს მუდმივად აძლევდა მითითებებს პროდუქციის შემოტანისა და განბაჟების სათანადო დროის შესახებ, ასევე უთითებდა, თუ რა შინაარსით უნდა მომხდარიყო პროდუქციის განბაჟება, რათა საბაჟო პროცედურების გავლის დროს საფრთხე არ შექმნოდათ“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
უწყების ცნობით, შედეგად, 2025 წლის პირველ ნახევარში გოგიჩაიშვილმა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე საქართველოში შემოიტანა ალკოჰოლური სასმელების დასამზადებლად საჭირო პროდუქცია, მათ შორის სპეციალური შეფუთვის მქონე მინის ბოთლები, ეტიკეტები და საცობები.
პროკურატურის განცხადებით, ხუნდაძისთვის ასევე ცნობილი იყო, რომ გოგიჩაიშვილი და მასთან დაკავშირებული პირები დანაშაულს ჩადიოდნენ. მიუხედავად ამისა, უწყების ცნობით, მას შესაბამისი სამსახურებრივი რეაგირება არ მოუხდენია და მძიმე დანაშაულის შესახებ არც სხვა სახელმწიფო ორგანოებისთვის უცნობებია.
ბორის გოგიჩაიშვილი 2025 წლის 10 ნოემბერს, 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. რამდენიმე დღით ადრე მას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს.
საქმესთან ასევე კავშირშია ყოფილი მოკრივე გიორგი კანდელაკი, რომელიც 2025 წლის 17 სექტემბერს დააკავეს, 19 სექტემბერს – პატიმრობა შეუფარდე, ხოლო 24 დეკემბერს პატიმრობა 200 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალეს, რის შემდეგაც კანდელაკმა საპატიმრო დატოვა
დანარჩენი ხუთი პირი: თენგიზ გულორდავა, ალექსანდრე კურტანიძე, ქართლოს ჯალაბაძე, გიორგი ბიბილაშვილი და გიორგი ქავთარაძე ასევე იყვნენ თავდაპირველ ბრალდებულთა შორის. 2025 წლის დეკემბრის ცნობით, ყველა ბრალდებულს პატიმრობა გირაოთი შეეცვალა. ადვოკატების ინფორმაციით, ეს გამოძიებასთან თანამშრომლობას უკავშირდებოდა.