მედია: საქართველოში დააკავეს ბელარუსი ლევ მიხეევი, რომელიც 5 წელი ელოდებოდა თავშესაფარს

პუბლიკა

ამის შესახებ ბელარუსულ გამოცემა „პოზირკს“ (Позірк) განუცხადა უფლებადამცველმა რომან კისლიაკმა, რომელიც ასევე საქართველოში ცხოვრობს და იბრძვის ამავე სტატუსის მისაღებად.

კისლიაკის თქმით, მიხეევი საქართველოში მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა აქციაში და იღებდა მუქარებს ბელარუსის „კაგებესგან“ (КГБ).

ახლახან მიხეევმა მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის საერთაშორისო დაცვის სამმართველოს დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გასახანგრძლივებლად.

გამოცემის ცნობით, 25 სექტემბრის დილას მიხეევი ქვეყნის ერთ-ერთ ძველ სოფელ მარტყოფში დააკავეს და თბილისში გადაიყვანეს. მან კისლიაკისთვის გაფრთხილება მოასწრო.

„ლევის საქმე დაახლოებით სამი წელი განიხილებოდა. დღეისათვის, სავარაუდოდ, მას თავშესაფრის მაძიებლის სტატუსი აქვს, საქმე კი თბილისის სააპელაციო სასამართლოშია. თუმცა, შესაძლოა, საქმე უკვე განიხილეს და მას არ აცნობეს. ასეთ შემთხვევაში, ის შეიძლება დეპორტაციის მიზნით დააკავონ“, – განმარტა კისლიაკმა.

უფლებადამცველის თქმით, დეპორტაცია შესაძლოა განხორციელდეს წარმოშობის ქვეყანაში – ბელარუსში, ან სხვა ქვეყნებში.

ბელარუსული გამოცემა „პოზირკი“ წერს, რომ „ქართული ოცნება“ არ აკმაყოფილებს ბელარუსი თავშესაფრის მაძიებლების შუამდგომლობებს –  2026 წლის პირველ ნახევარში ქვეყნიდან 24 ბელარუსი გააძევეს. სავარაუდო მიზეზებია: ყოფნის ვადის გადაცილება (არაუმეტეს 365 დღისა ზედიზედ), ვადაგასული პასპორტი (რომლის შეცვლაც საელჩოში შეუძლებელია ალექსანდრე ლუკაშენკოს 2023 წლის 4 სექტემბრის ბრძანებულების გამო), ან დანაშაულის ჩადენა.

„პუბლიკა“ დაუკავშირდა მიგრაციის დეპარტამენტს – უწყებისგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.