თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მაკარაძემ ადვოკატ შოთა თუთბერიძეს ნინო წილოსანის შეურაცხყოფის საბაბით 4000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
საქმე ეხება 2026 წლის ნინო წილოსანის 2 ივნისს პოსტზე შოთა თუთბერიძის მიერ დატოვებულ კომენტარს. პოსტი კანადაში ვიზიტს ეხებოდა.
შოთა თუთბერიძემ დაწერა:
„მანდაც დე**ის ტ***ი უნდა გაგინონ, ნინიკო, თუ უბრალოდ ზოოპარკს ნახავთ და უცებ წამოხვალთ?”
საჩივარი „ქართული ოცნების“ წევრს არ შეუტანია – საქმის წარმოება შსს-ის „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ“ დაიწყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173/16 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს. ოქმის შემდგენელია სანდრო კეპაშვილი.
შოთა თუთბერიძის თქმით, მოგვიანებით, ნინო წილოსანს მის მიერ დაწერილი კომენტარი დაუკოპირა და ჰკითხა, შეურაცხყოფილად ხომ არ გრძნობდა თავს – წილოსანი მალე პასუხს დაჰპირდა, თუმცა არ უპასუხია.
სხდომაზე დღეს დაცვის მხარე ითხოვდა ამ საქმეზე გამოეკითხათ როგორც ოქმის შემდგენი, ისე ნინო წილოსანი. თუთბერიძემ ასევე თქვა, რომ სურდა, ნინო წილოსანისთვის ეკითხა, მართლა იგრძნო თუ არა თავი შეურაცხყოფილად. თუმცა, მოსამართლემ გადაწყვეტილება ამის გარეშე გამოიტანა.
„ეს კითხვა დღესაც ძალაშია, მას პასუხი არ გაუცია, კანადაში გამოაგდეს და აგინეს თუ ექსკურსიაზე იყვნენ და ისე წამოვიდნენ ყოველგვარი შედეგის გარეშე.
ამაში შეურაცხმყოფელი არაფერი არ არის, ეს იყო დაზუსტება, რაც შეიძლება მომხდარიყო. ამასთან გვაქვს შემთხვევა, როცა საქმის მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ჩემზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე მოხდა პოლიციის მიერ ჩემს წინააღმდეგ გარკვეული მოქმედებების განხორციელება, მათ შორის ადმინისტრაციული ნასამართლეობის გადამოწმება, რასაც საერთოდ გამართლება არა აქვს, მეტიც, დანაშაულია. ამასთან დაკავშირებით მივმართავთ საგამოძიებო ორგანოებს“, – თქვა შოთა თუთბერიძემ.
მუხლი, რომლითაც შსს შოთა თუთბერიძეს ედავებოდა, 1500-დან 4000-ლარამდე ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45-დღემდე ვადით ითვალისწინებს. დღევანდელ სხდომაზე თუთბერიძე ჯარიმის ნაცვლად პატიმრობას მოითხოვდა.
„ამ ქვეყანაში ბევრად უფრო ცუდი, ბევრად უფრო მძიმე სასჯელები აქვთ აკიდებული უდანაშაულო ადამიანებს. მე მხოლოდ სოლიდარობის განცდა მაქვს იმის გამო, რომ იმ ადამიანების რიგებში ჩავეწერები, ვინც საკუთარ თავზე იგემა მცირე, მაგრამ ის სუსხი, რომელიც დიქტატურას ახლავს ხოლმე თან. ამითი ბრძოლა არ ჩერდება. ჩვენ გვაქვს ფოკუსი გასაკეთებელი იმაზე, რომ ჩემზე ბევრად უფრო ახალგაზრდები, უდანაშაულო ადამიანები ბევრად უფრო დიდი ხნით არიან საპყრობილეებში გამოკეტილი და სწორედ მათზე უნდა იყოს კეთდებოდეს აქცენტი ყოველდღიურად“, – თქვა მან.
როგორც დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ განმარტა, სამმართველოს თანამშრომლის სანდრო კეპაშვილის მხრიდან სოციალურ ქსელ ფეისბუქში პოსტის კომენტარზე სამართალწარმოება 4 ივნისს დაიწყო. საქმის წარმოებამდე 1 დღით ადრე კი 3 ივნისს, შოთა თუთბერიძის პროფილი პოლიციის ბაზაში გადაამოწმა.
დაცვის მხარე პროცესზე ამ საქმის წარმოების შეწყვეტას ითხოვდა, რადგან მათი თქმით, „მტკიცებულებები კანონის დარღვევით არის შედგენილი”. პროცესზე მხარემ თქვა, რომ აღნიშნული შესაძლო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, კერძოდ, კი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით პირის დევნის ნიშნებს, ამ შემთხვევაში, შოთა თუთბერიძის მიმართ.
თარიღის ცვლილებას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ტექნიკურ ხარვეზს უწოდებს. შსს-ს იურისტის მარიამ ქირიას განმარტებით, პროცესზე ვერც ერთი სამართლებრივი არგუმენტი ვერ მოისმინა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იყო მტკიცებულებები გაყალბებული.
„ფაქტი დააიდენტიფიცირა პოლიციელმა, რაზეც შემდგომში მოახდინა აღნიშნულთან დაკავშირებით რეაგირება, პატაკთან მიმართებით იყო კითხვა, თუმცა ეს შეიძლება მივიჩნიოთ მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკურ ხარვეზად და სხვა არანაირ გარემოებად, ვინაიდან წინასწარ პოლიციელს და ნებისმიერ პირს ვერ ეცოდნება ვინ რა სახის კომენტარს დაწერს, ვინ რა სახის შეურაცხმყოფელ ფრაზას გააჟღერებს სოციალურ ქსელში., შესაბამისად ის, რომ პატაკი იყო ერთი დღეს შემდგომ და გადამოწმება მოხდა ერთი დღით ადრე საერთოდ არ გამორიცხავს იმას, რომ აღნიშნულ შემთხვევაში ბატონ შოთას ნამდვილად ჰქონდა კომენტარი დაწერილი და იმ დროს, როდესაც მისი გადამოწმება მოხდა” – განუცხადა ჟურნალისტებს შსს-ს იურისტმა სალომე ქირიამ.
შოთა თუთბერიძის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ პროცესზე მოსამართლის აცილების შუამდგომლობაც დააყენა. მისი თქმით, მსგავს საქმეებზე მოსამართლეებს „ერთი და იგივე გადაწყვეტილებები” გამოაქვთ, ამიტომ მან მოსამართლის აცილება ითხოვა იმ დათქმით, თუ ამ საქმეზე „დაშტამპული წესით დანიშნულ მოსამართლეს” არ დანიშნავდნენ.
შოთა თუთბერიძის მეორე ადვოკატის, ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება ტენდენციურია.
„ის იყო ისეთივე ტენდენციური, როგორც გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავსირებული სხვა უამრავი საქმე და პრინციპში, პოლიტიკური დაკვეთის გაგრძელებად შეგვიძლია განვიხილოთ. სასამართლომ ელემენტარული ვერ უპასუხა კითხვას, როდესაც საუბარი არის კონკრეტული პირის შეურაცყოფაზე, არც კი შეამოწმა ეს ადამიანი გრძნობდა თუ არა შეურაცხყოფილად თავს კონკრეტული კითხვის გამო” – თქვა ნიკა სიმონიშვილმა მედიასთან.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ისეთი სამმართველოს შექმნა, რომელიც „საჯარო სივრცეში სიძულვილის ენას, შეურაცხმყოფელ კამპანიებსა და აგრესიულ კომუნიკაციას მონიტორინგს გაუწევს და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას იქონიებს“, მამუკა მდინარაძემ 18 მაისს დააანონსა, ხოლო 1 ივნისიდან სამმართველო 10 თანამშრომლით მუშაობას შეუდგა.