ელიზბრაშვილის ადვოკატი რესტორნის კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

პუბლიკა

თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი ლექსო სვიმონიშვილი სოციალურ ქსელში რესტორნის კამერის ჩანაწერს აქვეყნებს, სადაც ინციდენტის დაწყება ჩანს. 

„შეუიარაღებელი თვალითაც კი ნათელია, რომ მარტო მყოფ თამაზ ელიზბარაშვილს გამკლავება უწევს შვიდ ,,დაზარალებულთან” ; ასევე დასტურდება, რომ ამ შვიდი ,,დაზარალებულიდან” ერთ-ერთი პირი გამოირჩევა განსაკუთრებული აგრესიით, ვიდეო ჩანაწერით დასტურდება, რომ სწორედ ეს პირი გახლავთ კონფლიქტის ინიციატორი, რომელიც სულ მცირე 4-ჯერ მაინც უბრუნდება ინციდენტის ადგილს და ახორციელებს თამაზ ელიზბარაშვილის მიმართ აგრესიას” -წერს ადვოკატი სოციალურ ქსელში.

ჩანაწერის მიხედვით, თამაზ ელიზბარაშვილი რესტორნის საპირფარეშოდან გამოდის. დაახლოებით ნახევარი წუთის შემდეგ მასთან მიდის შაკო კუჭაშვილი და კიდევ ერთი პირი. ცოტა ხანში მათ უახლოვდება კიდევ რამდენიმე პირი.

კადრებში ჩანს, რომ ადგილი აქვს სიტყვიერ ურთიერთშელაპარაკებას. თანმხლები პირები შაკო კუჭაშვილის ადგილიდან განრიდებას ცდილობენ. ვიდეოში ამგვარი მცდელობა, სულ მცირე, ოთხჯერ ფიქსირდება.

აღნიშნული ჩანაწერი 4 სექტემბერს პროკურატურის მიერ გასაჯაროებულ მასალებს შორის არ ყოფილა. იმ დღეს უწყებამ თამაზ ელიზბარაშვილის რესტორანში დაბრუნების ამსახველი ვიდეოკადრები გაავრცელა.

4 სექტემბერს სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალი სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც მუქარას გულისხმობს და 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება თავად ელიზბარაშვილი.

შემთხვევა 30 აგვისტოს რესტორანში თამაზ ელიზბარაშვილსა და „იმედის“ თანამშრომლებს შორის მომხდარ სიტყვიერ კონფლიქტს უკავშირდება, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კომენტარის გამო დაიწყო. როგორც თამაზ ელიზბარაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, მას ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს და უთხრეს, რომ ბოდიში აუცილებლად იმავე ადგილას, აქვე უნდა მოეხადა.