EMC აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით სახელმწიფოსგან აქტიური პოლიტიკის გატარებას მოითხოვს

პუბლიკა

EMC ქვეყანაში აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით არსებული პრობლემების გადაჭრისთვის სახელმწიფოსგან აქტიური პოლიტიკის გატარებას მოითხოვს.

ორგანიზაცია წერს, რომ ხელმისაწვდომი კვლევების თანახმად, საქართველოში, აზარტულ თამაშებში მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების, ჩართულობა საგანგაშოდ მაღალია. აზარტული თამაშების გავრცელება და სოციალურ-ეკონომიკური მოწყვლადობა ერთმანეთთან მჭიდროდ გადაჯაჭვული მოვლენებია და, ცალკეულ შემთხვევებში, ერთმანეთს განაპირობებენ კიდეც. აზარტულ თამაშებთან დაკავშირებულ პრობლემებს შორის გვხვდება საცხოვრებლის დაკარგვა და უსახლკაროდ დარჩენა, ან უმძიმეს პირობებში, არასათანადო საცხოვრისში ცხოვრება, უმუშევრობა, სუიციდი და სხვა. არსებული გამოწვევები, მათი სიმწვავის გათვალისწინებით, სახელმწიფოს მყისიერ და ადეკვატურ რეაგირებას საჭიროებს. სხვადასხვა ქვეყანაში არსებული მდგომარეობის კვლევები სუიციდის ერთ-ერთ განმაპირობებელ ფაქტორად სწორედ თამაშზე დამოკიდებულებას მიუთითებენ.

EMC-ის შეფასებით, თამაშზე დამოკიდებულების შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის გათვალისწინებული სახელმწიფო რესურსები არაადეკვატურად გამოიყურება აზარტული თამაშების რეკლამირების დღეს არსებულ მასშტაბის ფონზე.

„აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული სოციალური საფრთხეების გათვალისწინებით, განსაკუთრებით საგანგაშოა რეკლამების საჯარო ტრანსპორტზე განთავსება, ისევე, როგორც ფეხბურთის ეროვნული ლიგისთვის ერთ-ერთი ონლაინ სამორინის სახელწოდების დარქმევა. მნიშვნელოვანია, რომ თამბაქოსა და ალკოჰოლური პროდუქტების მსგავსად, მკაცრ რეგულაციას აზარტული თამაშების რეკლამირებაც დაექვემდებაროს. რეკლამის შეზღუდვა მნიშვნელოვანი იქნება აზარტული თამაშებისგან ბავშვების დაცვის კუთხითაც. აღნიშნული განსაკუთრებით პრობლემურია იმის გათვალისწინებით, რომ აზარტულ თამაშებზე ბავშვების წვდომის კანონისმიერი აკრძალვის აღსრულება სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

EMC მოუწოდებს –

საქართველოს მთავრობას:

  • განხორციელდეს სუიციდის პრევენციის ეფექტიანი მულტისექტორული პოლიტიკა, რამაც, მათ შორის, სუიციდის მიზეზებისა და რისკ-ჯგუფების იდენტიფიცირება, სრულყოფილი სტატისტიკის წარმოება, ისევე, როგორც სუიციდის პრევენციის პროგრამების დანერგვა და მისი მთელი ქვეყნის მასშტაბით მისაწვდომობის უზრუნველყოფა უნდა მოიცვას.
  • განხორციელდეს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების საკითხის კვლევა, რისკ-ჯგუფების იდენტიფიცირება და მათ წინაშე არსებული გამოწვევების (უსახლკარობა, უმუშევრობა, სხვა ტიპის მოწყვლადობა) ანალიზი;
  • ეროვნულ დონეზე განხორციელდეს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების აღიარება ჯანდაცვის პოლიტიკის შემადგენელ ნაწილად და ამ პირებთან მიმართებით გატარდეს რეაქციული ზომები, მათ შორის, ასეთი პირების იდენტიფიცირება და მათთვის რელევანტური ჯანდაცვის სერვისების მისაწვდომობის უზრუნველყოფა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურს:

  • ურზუნველყოფილ იქნას “აზარტული, ლატერიებისა და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანების (№611-№1013) შესაბამისად, აზარტულ და სხვა მომგებიან თამაშობებში 21 წლამდე ასაკის პირების მონაწილეობასთან დაკავშირებული აკრძალვების აღსრულება;

საქართველოს პარლამენტს:

  • გონივრულ რეგულაციებში მოაქციოს ან აკრძალოს, სულ მცირე, აზარტული თამაშობების რეკლამა;
  • იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს სხვა ქვეყნებში ჩატარებულ კვლევებზე დაფუძნებული ლეგიტიმური არგუმენტები, თუ რა უარყოფითი გავლენა აქვს აზარტულ თამაშებში საზოგადოების დიდი ნაწილის ჩართულობას ბიზნესის განვითარებასა და ქვეყნის ეკონომიკაზე, შეიქმნას მოკვლევის ჯგუფი, რომელიც შეისწავლის აზარტული თამაშების ეფექტს ეკონომიკის პროდუქტიულ სფეროებზე, სიღარიბესა და უთანასწორობაზე და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს აზარტული ინდუსტრიის რეგულირებასთან დაკავშირებით.