EMC: ენზელ მკოიანის კლანური ძალაუფლება პოლიტიკურ და სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს

პუბლიკა

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირებულ ძალადობრივი დაპირისპირების შემთხვევებზე საუბრობს, რომლებიც მმართველი პოლიტიკური პარტიის წევრსა და ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის სახელსა და პასუხისმგებლობას უკავშირდება.

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართალდამცავი ორგანოებისგან მოითხოვს, რომ შემთხვევები მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად გამოიძიონ. ასევე,  EMC მმართველ პარტიას მოუწოდებს, გადახედოს ზოგიერთ რეგიონში, მათ შორის, სამცხე-ჯავახეთში კლანური ძალაუფლებისა და მმართველობის მკვეთრად ანტიდემოკრატიულ შინაარსს და გაიაზროს კორუფციული და კლანური მმართველობის მძიმე პოლიტიკური და სოციალური შედეგები.

„ენზელ მკოიანი მაჟორიტარი დეპუტატის ის კატეგორიაა, რომელიც კლანური გზებით მართავს რეგიონს და ყველა ხელისუფლება ცდილობს, ელექტორალური მიზნებისთვის გამოიყენოს მისი გავლენები. სამწუხაროდ, ამგვარი მაგალითები გვხდება სხვა რეგიონებშიც (მათ შორის, ქვემო ქართლი, ზემო აჭარა). ეს პრაქტიკა გარდა იმისა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ და პოლიტიკურ ინტერესებს ეწინააღმდეგება და რეგიონების პოლიტიკურ იზოლაციას აღრმავებს, ის არსებითად აზიანებს დემოკრატიის მშენებლობის პროცესს ქვეყანაში. ენზელ მკოიანის ინტერესებისა და გავლენების მასშტაბი, ასევე მომხდარ ძალადობრივ შემთხვევებზე სამართალდამცავი უწყებების არასათანადო რეაგირება, კიდევ ერთხელ აჩვენებს მის მიმართ პოლიტიკური ლოიალობისა და მისი სამართლებრივი პრივილეგირების ნიშნებს, რომელიც რეგიონში კონფლიქტის ესკალაციის რისკებს ქმნის და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებთან მოდის წინააღმდეგობაში”, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.


რა მოხდა სამცხე-ჯავახეთში?

2020 წლის 8 მაისი:

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ხოსიპოში მცხოვრებ ორ მოქალაქეს ენზელ მკოიანთან დაახლოებულმა პირმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ისე, რომ მათი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

მედიასთან ადგილობრივები ამბობენ, რომ სავარაუდო დამნაშავეების დეპუტატთან ახლობლობის გამო, შესაძლოა დაზარალებულები თავს იკავებდნენ გამოძიებასთან თანამშრომლობისგან და არსებობს მომხდარის არაეფექიანი გამოძიების რისკი. ადგილობრივები ასევე იმასაც ამბობენ, რომ დაპირისპირებები პერიოდულად ხდება, მკოიანის ახლობლები კი დაზარალებულებს აშინებენ და პოლიციას არ მიმართავენ.

მომხდარს შსს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით იძიებს, რაც ცემას გულისმობს.

2020 წლის 26 მარტი:

ენზელ მკოიანისა და ყოფილი დეპუტატის, სამველ პეტროსიანის ახლობლები ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღებით დაუპირისპირდნენ. მედიაში გავრცელდა ვიდეომასალაც, რომლიდანაც ირკვევა, რომ იარაღს თავად მკოიანი და პეტროსიანიც იყენებენ.

საქმეზე დაწყებულია გამოძიება. ს. პეტროსიანს და ენზელ მკოიანის ძმისშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა.

ვიდეომასალის მიუხედავად, მკოიანის მიმართ გამოძიება არ დაწყებულა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მაჟორიტარი დეპუტატის ძმისშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ახალქალაქში და სოფლებში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისა თუ სკოლის ადმინისტრაციის მეშვეობით მიმდინარეობს ხელმოწერების შეგროვება.

EMC-ის განცხადებას სრულად გაეცანით ბმულზე.

ენზელ მკოიანსა და სამველ პეტროსიანს შორის მომხდარი დაპირისპირება – რა მოხდა და როგორ აფასებს ფაქტს მმართველი პარტია.