EMC ღია ბაზრობების მოვაჭრეთა პროტესტს ეხმაურება და სახელმწიფოს მათი მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

პუბლიკა

EMC ეხმაურება თბილისში, ლილოსა და ვაგზლის ღია ბაზრობების მოვაჭრეთა მიერ ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვის წინააღმდეგ გამართულ პროტესტს და საქართველოს მთავრობასა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტს მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფ მოვაჭრეთა მიმართ საქმიანობის გაგრძელების ხელშეწყობისა და სოციალური დაცვის მეტად ქმედითი ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებს.

„კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები განსაკუთრებით მძიმედ აისახა ბაზრობებზე დასაქმებულ ადამიანებზე, რომელთა შემოსავლის ერთადერთ წყაროს, ხშირად ყოველდღიური ნავაჭრი შეადგენს. მთავრობის მიერ ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვების შემსუბუქების დაანონსების მიუხედავად, მუშაობის გაგრძელების უფლება, დიდი სავაჭრო მოლებისგან განსხვავებით, ღია ბაზრობებზე დასაქმებულ მოვაჭრეებს მცირე ვადითაც არ მიეცათ.

მიუხედავად იმისა, რომ დახურული სივრცეებისგან განსხვავებით, ღია ბაზრობები ვირუსის გავრცელების შედარებით დაბალ რისკებთანაა დაკავშირებული, კითხვის ნიშნებს აჩენს ბაზრობების დახურვის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება. ამგვარი არათანმიმდევრული მიდგომებით გარემოვაჭრეთა არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება ამძაფრებს უსამართლობის განცდას და მოქალაქეებს სოციალური პროტესტისკენ უბიძგებს, განსაკუთრებით მაშინ როდესაც სოციალური დახმარებების ბუნდოვანი პოლიტიკა მოვაჭრეების დიდ ნაწილს სრულიად დაუცველს ტოვებს არსებული ეკონომიკური კრიზისის წინაშე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას:

ღია ბაზრობების ადმინისტრაციებისა და მოვაჭრეთა მონაწილეობით იმსჯელოს მიღებული გადაწყვეტილების მართებულობაზე და მიიღოს ყველა ზომა მათი ეკონომიკური საქმიანობის თუნდაც დროებითი აღდგენის შესაძლებლობებზე; ღია ბაზრობებზე დასაქმებული პირების მძიმე სოციოეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით გაამარტივოს ერთჯერადი დახმარებების გაცემის პროცედურა და ის ხელმისაწვდომი გახადოს თვითდასაქმებულთა დიდი ჯგუფებისთვის.