EMC: კომენდანტის საათის მიუხედავად, შეკრების უფლების შეზღუდვის საფუძვლები არ არსებობს

პუბლიკა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ეხმაურება მთავრობის დადგენილებით კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით 9 ნოემბრიდან ამოქმედებულ დამატებით შეზღუდვებს.

ორგანიზაციას მიაჩნია, რომ 22 საათიდან დილის 5 საათამდე კომენდანტის საათის შემოღების მიუხედავად, შეზღუდვები არ უნდა გავრცელდეს თუნდაც ამ პერიოდში შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებაზე.გთავაზობთ EMC-ის განცხადებას:

„როგორც ცნობილია, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების დამძიმების ფონზე, მთავრობამ მიმდინარე წლის 9 ნოემბრიდან დამატებითი შეზღუდვების ამოქმედების გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილების თანახმად, დიდ ქალაქებში დაიხურა კერძო და საჯარო ბაღები, მუნიციპალიტეტებს დაევალათ შესაბამისი ზომების მიღება საჯარო ტრანსპორტში მგზავრთა ნაკადის რეგულირების მიზნით. ერთ-ერთ მნიშვნელოვანი შეზღუდვა, რის შესახებაც მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ  6 ნოემბერს განაცხადა, გულისხმობდა დიდ ქალაქებში, 22:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას, როგორც სატრანსპორტო საშუალებით, ასევე ქვეითად. ამავე ცვლილებებით,  22:00-დან 05:00 საათამდე აიკრძალა როგორც პირთა გადაადგილება, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა…

რაც შეეხება კონკრეტულად შეკრების უფლების შეზღუდვას, არსებული საკანონმდებლო ჩანაწერი მთავრობას ან კონკრეტულ სამინისტროს აძლევს შესაბამისი შეზღუდვების დროებითი დაწესების შესაძლებლობას საჯარო დაწესებულებების, აღმასრულებელ ხელისუფლებაში შემავალი სხვა დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სხვა იურიდიული პირების საქმიანობასთან/ადმინისტრირებასთან, საჯარო სერვისების მიწოდებასთან, პირთა მიმოსვლასთან, საკუთრებასთან, შრომასთან, პროფესიულ ან ეკონომიკურ საქმიანობასთან, უკანონო მიგრაციასთან/საერთაშორისო დაცვასთან ან/და სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით პირთა თავშეყრასთან დაკავშირებით.

შესაბამისად, საკარანტინე ღონისძიებების ფარგლებში, კანონმა დასაშვებად მიიჩნია მოქალაქეთა არა ნებისმიერი ტიპის შეკრების შეზღუდვა, არამედ მოსახლეობაში სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნის მქონე თავყრილობების თავიდან აცილება.

აღსანიშნავია, რომ თავის დროზე, როცა კანონმა საკარანტინე ღონისძიებები განსაზღვრა, პირთა თავშეყრა  კონკრეტული მიზნით შეზღუდა. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონმა მეტნაკლებად დაავიწროვა ამ ღონისძიების შინაარსი. არსებული ჩანაწერით, მთავრობას შეუძლია დროებით შეზღუდოს პირთა თავშეყრა სოციალური ღონისძიების გამოყენების მიზნით. სოციალური თავშეყრის  შინაარსი კიდევ უფრო მეტად დაკონკრეტდა შემდგომში უშუალოდ მთავრობის დადგენილებით, სადაც სოციალურ ღონისძიებებთან დაკავშირებულ თავშეყრის მაგალითად სხვა შემთხვევებთან ერთად მოყვანილია ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.

პანდემიის პირობებშიც კი, სოციალური მიზნით საჯარო სივრცეში თავშეყრის გაიგივება კონსტიტუციით დაცულ შეკრების თავისუფლებასთან, რომელიც მოსახლეობისთვის წარმომადგენლობით დემოკრატიაში პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობის არსებითად მნიშვნელოვანი ბერკეტია, ამ უფლების გაუმართლებელი დავიწროებაა.

კანონდმებლობაში არსებული ჩანაწერი და დამაზუსტებელი მაგალითები კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ ღონისძიების ეს სახე ზღუდავს  უშუალოდ, საზოგადოებაში დამკვიდრებული თავშეყრის სხვადასხვა სახეს, ის არ სცდება სოციალური შეკრების ხასიათს და ერთმნიშვნელოვნად არ აქვს პოლიტიკური შინაარსი. ამ ღონისძიებით სახელმწიფოს არ აქვს უფლება შეზღუდოს ნებისმიერი პოლიტიკური მოტივით ორგანიზებული, პოლიტიკური შინაარსის მქონე საზოგადობერივი შეკრება.

ნიშანდობლივია, რომ ამ სახის რეგულაციის დაწესების შესახებ, საკოორდინაციო საბჭოს თავიდანვე არ განუცხადებია, როდესაც ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვების შემოღების შესახებ დააანონსა.  რაც ქმნის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ 8 ნოემბრის აქციაზე განვითარებული მოვლენების საფუძველზე, ხელახალი მასშტაბური პროტესტების პრევენციის მიზნით მიიღო.

ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არსებული საარჩევნო კონტექსტი. დაანონსებულ შეკრებას ცხადად პოლიტიკური მნიშვნელობა და მოტივი აქვს. საარჩევნო პერიოდში სახელმწიფოს მხრიდან ამ უფლებაში ჩარევა, მითუმეტეს, პირდაპირი საფუძვლების არარსებობის პირობებში, კიდევ უფრო მეტად ინტენსიური და გაუმართლებელი იქნება. საარჩევნო კონტექსტი მხედველობაშია მიღებული თავად მთავრობის N322 დადგენილებითაც, რომლის თანახმად, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სამართავად შემოღებული ღონისძიებები არ ვრცელდება წინასაარჩევნო კამპანიაზე, რაც თავის თავში გულისხმობს მოსახლეობასთან შეხვედრებს, აგიტაციას, პოლიტიკური მიზნებით ადამიანების დიდ რაოდენობასთან კომუნიკაციას. დადგენილების ამ დათქმის გათვალისწინებით, მითუმეტეს ვერ იქნება გამართლებული საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული პროტესტის შეკრების გზით საჯაროდ გამოხატვის გამორიცხვა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, EMC მოუწოდებს

  • საქართველოს მთავრობას და შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს ადამიანთა კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების თავისუფლებით განუხრელად დაცვა და არ დაუშვას 22 საათის შემდგომ მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების მიმართ საპოლიციო ძალის გამოყენება;
  • პოლიტიკურ პარტიებს, გამოიყენოს ყველა ზომა პოლიტიკური კრიზისის მოლაპარაკების გზით გადაჭრისა და პროცესების დეესკალაციის მიზნით”, – ნათქვამია EMC-ის განცხადებაში.