EMC მათ წინააღმდეგ ორგანიზებულ კამპანიას ეხმაურება

პუბლიკა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმაურება ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში მათი თქმით, „ქართული მარშის” ლიდერების, მომხრეებისა და სხვა ინტერესთა ჯგუფების მიერ ორგანიზებულ კამპანიას.

EMC წერს, რომ ამ ჯგუფების მიერ გავრცელებული პოსტებით, EMC-იმ თითქოსდა წარადგინა სარჩელი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის წინააღმდეგ, რომლითაც მარნეულის ქუჩების წყლით კურთხევის ფაქტს ასაჩივრებს.

EMC აღნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია მცდარია, უსაფუძვლო და როგორც ჩანს ცალკეული ინტერესთა ჯგუფების მხრიდან ორგანიზაციის დისკრედიტაციას და მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული რეალური საჭიროებების გადაფარვას ისახავს მიზნად.

ამ ფონზე, EMC საჭიროდ მიიჩნევს საჯაროდ განმარტოს მის წარმოებაში არსებული ერთი საქმე, რომელიც მხოლოდ რამდენიმე დღის წინ მიიღო წარმოებაში სასამართლომ და რომელიც სავარაუდოდ იყო ბოროტად გამოყენებული ზემოთ ნახსენები ჯგუფების მიერ.

კერძოდ, მათი თქმით, 17 თებერვალს EMC-იმ სარჩელით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს და მარნეულის ბიუჯეტის იმ პუნქტების ბათილად ცნობ მოითხოვა, რომელიც მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიისთვის 400 000 (ოთხასიათას) ლარის გამოყოფას ითვალისწინებს. EMC აღნიშნავს, რომ მათი შეფასებით აღნიშნული ნორმა დისკრიმინაციული და არასეკულარულია და არ შეესაბამება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს იდეას.

გაეცანით სრულ განცხადებას ბმულზე;