EMC მოუწოდებს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს ტყის კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებს

პუბლიკა

2020 წლის 16 აპრილს საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი მესამე მოსმენით განიხილავს საქართველოს ტყის კოდექსის პროექტს .

EMC მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს მხარი არ დაუჭიროს ინიცირებულ კანონის პროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებს, მისი არაკონსტიტუციური შინაარსის გამო. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კანონის ძალაში შესვლის პირობებში EMC შეეცდება გამოიყენოს საკონსტიტუციო სასამართლოს რესურსი და იდავოს აღნიშნული მუხლების კონსტიტუციურობაზე.

საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ტყის ნაწილის საკუთრებაში გადაცემის ახალ პირობას. ეკლესიისთვის ტყის გადაცემის წესს და პროცედურას აზუსტებს სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც ადგენს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის შესაბამისი განაცხადის საფუძველზე და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შუამდგომლობით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, არაუმეტეს 20 ჰა თითოეულის შემთხვევაში და საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები.

„როგორც საპატრიარქოსთვის დიდი რაოდენობით უძრავი ქონების გადაცემის აქამდე ჩამოყალიბებული პრაქტიკა ადასტურებს, აღნიშნული რესურსების შეძენა ეკლესიის მიერ კვლავ სიმბოლურად ფასად მოხდება. სამწუხაროა, რომ პანდემიის პერიოდში, როდესაც სახელმწიფო ორგანოების საქმიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემების გადაწყვეტისკენ უნდა იყოს მიმართული, საქართველოს ხელისუფლება კვლავ უბრუნდება ამ საკითხს და ყოველგვარი საჯარო მიზნისა და რაციონალური დასაბუთების უმნიშვნელოვანესი საჯარო რესურსების კერძო ორგანიზაციისთვის გადაცემის პირობას ითვალისწინებს.

ეს ჩანაწერი დისკრიმინაციულია, რადგან ამ უფლებას კანონმდებლობა მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას ანიჭებს. პანდემიის პირობებში საპატრიარქოს მიერ შექმნილი დაძაბულობისა და სამართლებრივ სისტემასთან ღია დაპირისპირების ფონზე, ხელისუფლებისთვის ეს ცვლილება საპატრიარქოს მიმართ ლოიალობის გამოჩენის კიდევ ერთი ნაბიჯია. ამგვარი გადაწყვეტილებით სახელმწიფომ არსებითად არღვევს უფლებრივ სიმეტრიას სხვადასხვა რელიგიურ ჯგუფს შორის და დომინანტური ეკლესიის ჭარბი და უკონტროლო პრეფერენცირებით სეკულარიზმის პრინციპებთან მოდის წინააღმდგობაში“, – ნათქვამია განცხადებაში.