EMC მოუწოდებს სახელმწიფოს, უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფამდე შეაჩეროს ნახშირმოპოვებითი სამუშაობი

პუბლიკა

17 მარტს EMC-ის წარმომადგენლებმა და ტყიბულში არსებული ძიძიგურის სახელობის შახტის მეშახტეებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. მეშახტეები რამდენიმე დღეა, უარს აცხადებენ შახტში მუშაობაზე, იქ არსებული საფრთხისშემცველი სამუშაო გარემოს გამო.

ორგანიზაციის ცნობით, 2018 წელს საწარმოო შემთხვევების შედეგად 10 მეშახტის დაღუპვის პასუხად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, აუდიტორული კომპანიის მიერ ტყიბულის შახტებში ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რისკის შეფასებამდე ნახშირმოპოვებითი სამუშაოები უნდა შეჩერებულიყო და ამ პერიოდის განმავლობაში მეშახტეებს სრულად უნდა ანაზღაურებოდათ კუთვნილი ხელფასი. გერმნაულმა აუდიტორულმა კომპანიამ – DMT 2019 წლის იანვარში მოამზადა დასკვნა, რომელიც საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ 2019 წლის დეკემბერში გახდა. აღნიშნული დასვკნა შახტებში არსებულ მძიმე სამუშაო მდგომარეობაზე მიუთითებს და ერთმნიშვნელოვან რეკომენდაციას გასცემს შახტების ოპტიმიზაციამდე მათი შეჩერების შესახებ.

თუმცა ორგანიზაციის ცნობით, 2019 წლის ოქტომბერში ისე აღდგა სამუშოები, რომ DMT-ის დასკვნის აშკარა და ერთმნიშვნელოვანი მიგნებები უგულებელყოფილი დარჩა.

EMC მხარდაჭერას უწევს ძიძიგურის შახტის მეშახტეებს და მოუწოდებს სახელმწიფოს, გაითვალისწინოს მისივე დაკვეთით შესრულებული აუდიტის დასკვნის რეკომენდაციები და უსაფრთხო სამუშაოს გარემოს უზრუნველყოფამდე შეაჩეროს ნახშირმოპოვებითი სამუშაობი შახტებში და დაიცვას მეშახტეების შრომითი უფლებები.

გუშინ ტყიბულში მეშახტეების აქცია გაიმართა.

ტყიბულელი მეშახტეები მოითხოვენ:

✔️ სრულად ანაზღაურდეს კომპანიის ბრალით გაცდენილი დღეები;
✔️ დაუყოვნებლივ მოეწყოს ღია და საჯარო შეხვედრა კომპანიის წარმომადგენლებთან სახელმწიფო უწყებების ჩართულობით;
✔️ გაგვაცნონ შახტის მდგომარეობის ამსახველი აუდიტორული დასკვნა და გვითხრან, რა ღონისძიებები იგეგმება შახტის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად;

„მივმართავთ მთავრობას, სამინისტროებს, შეამოწმონ კომპანიის მუშაობა, ჩამოვიდნენ და გაგვესაუბრონ, რატომ ვართ ჩვენ, ტყიბულელები ამ დღეში? ჩამოვიდნენ და აგვიხსნან“, – ამბობენ მეშახტეები.