EMC ქედის რესურსცენტრში სკოლის დირექტორებისა და ეპარქიის სასულიერო პირების შეხვედრას ეხმაურება

პუბლიკა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ქედის მუნიციპალიტეტის სკოლების დირექტორების მხრიდან რელიგიური ნეიტრალიტეტის სავარაუდო დარღვევის საკითხს ეხმაურება.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2019 წლის 30 ოქტომბერს სხალთის ეპარქიის სასულიერო პირების, წმ. ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორებისა და ქედის მუნიციპალიტეტის სკოლის დირექტორების შეხვედრა გაიმართა.

ვიდეოჩანაწერი სხალთის ეპარქიის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.

„როგორც ვიდეოჩანაწერიდან ჩანს, შეხვედრა შედგა ქედის რესურსცენტრის შენობაში და ის ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღის აღნიშვნას უკავშირდებოდა. შეხვედრაზე სასულიერო პირებმა, ასევე უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა ვრცელი ისტორიული ექსკურსი წარმოადგინეს საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების შესახებ, რომელიც მეტწილად კონფესიური და არამეცნიერული პერსპექტივით იყო გაზიარებული. მომხსენებლები ხაზგასმით აღნიშნავდნენ აჭარის რეგიონის განსაკუთრებულ როლს საქართველოს გაქრისტიანების პროცესში. შეხვედრის ფარგლებში სასულიერო პირებმა სკოლის დირექტორები დაავალდებულეს აჭარის ქრისტიანული წარსულის შესახებ ისაუბრონ სკოლებში, რასაც მედიისთვის მიცემულ კომენტარებში ზოგიერთი სკოლის დირექტორი დაეთანხმა კიდეც.“ –ნათქვამია EMC-ის განცხადებაში.

ორგანიზაციის თქმით, შეხვედრა არსებითად კონფესიური შინაარსის იყო, სადაც დირექტორები ღიად საუბრობდნენ მართლმადიდებლურ რწმენაზე მოსწავლეების მოქცევისა და ქრისტიანობაზე დაბრუნების მნიშვნელობაზე, რაც არსებითად არღვევს კონსტიტუციით აღიარებული სეკულარიზმის პრინციპს და ზოგადი განათლების შესახებ კანონს.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, მივმართავთ საქართველოს და ასევე აჭარის ა.რ. განათლების, სამინისტროს:

  1. შეისწავლოს ქედის რესურსცენტრში გამართული შეხვედრის ორგანიზებაში რესურსცენტრის ხელმძღვანელისა და სხვა თანამშრომლების, ასევე სკოლის დირექტორების მონაწილეობის საკითხი და მიიღოს ადეკვატური, მათ შორის, დისციპლინური ზომები მათ მიმართ;
  2. აღკვეთოს ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღის ეგიდით საჯარო სკოლის მასწავლებლების რელიგიური ინდოქტრინაციის პრაქტიკა, რომელიც არა ერთ რეგიონში გვხდება;
  3. გაითვალისწინოს აჭარის რეგიონის რელიგიური და კულტურული კონტექსტი და პროაქტიული ზედამხედველობა გაუწიოს აჭარაში მოქმედი საჯარო სკოლებში რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის, სკოლების რელიგიური ნეიტრალიტეტისა და თანასწორობის პრინციპების დაცვის პროცესს;
  4. საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია ზემოთ წარმოდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით მის მიერ მიღებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით. იხილეთ, განცხადების სრული ვერსია.