EMC რაშან ზიადალიევის დაკავების საქმეზე შსს დროულ რეაგირებას სთხოვს

პუბლიკა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება, 2020 წლის 8 თებერვალს მარნეულში პოლიციის მიერ ადმინისტრაციული წესით სამოქალაქო აქტივისტის რაშან ზიადალიევის დაკავების ფაქტს.

“ორგანიზაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეისწავლოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და განახორციელოს სათანადო სამართლებრივი რეაგირება.”

როგორც საზოგდოებისთვის ცნობილია რაშან ზიადალიევი 8 თებერვალს მარნეულის ცენტრში პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს. შსს აქტივისტს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. რაშან ზიადალიევის განმარტებით, იგი მარნეულში სავაჭრო ცენტრიდან გამოდიოდა, რა დროსაც პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს და შემდეგ დაკავეს, პოლიციის ერთ თანამშრომელს კრიმინალური პოლიციის ფორმა ეცვა, მეორე კი სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირი იყო. არც ერთმა სამართალდამცველმა არ წარუდგინა თავი, რაშან ზიადალიევს, არ განუმარტა გაჩერების მიზეზი და შეეცადნენ ფოტოს გადაღებას, რაზეც რაშანმა ზიადალიევმა უარი განაცხადა, ვინაიდან თან ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის წარდგენა პოლიციისთვის მას დაუყოვნებლივ შეეძლო.

რაშან ზიადალიევის განმარტებით, ფოტოს გადაღებაზე უარი პოლიციის თანამშრომლებმა მათდამი დაუმორჩილებლობად შეაფასეს და აქტივისტი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის გათვალისწინებული სამართალდარღვევის თითქოსდა ჩადენის გამო დააკავეს. დაკავების შემდგომ კი ხელწერილით გაათავისუფლეს.

“რაშან ზიდალიევის დაკავების ფაქტი, პოლიტიკური შეხედულებების გამო სავარაუდო დევნისა და შევიწროების ნიშნებს ატარებს, რასაც ცხადია „გამყინავი ეფექტი“ აქვს რეგიონში მცხოვრები სხვა აქტივისტებისა და მოქალაქეების მიმართ. იმ პირობებში, როდესაც ხილვადი და სხვადასხვა აქტორების მიერ ღიად მხარდაჭერილი აქტივისტების მიმართ სამართალდამცავმა ორგანოებმა ამ ხარისხის თვითნებობა გაბედეს, ცხადი ხდება, თუ რამდენად დაუცველები არიან მათ წინაშე სხვა ნაკლებად პრივილეგირებული მოქალაქეები. არსებითია პოლიციის და უსაფრთხოების სამსახურებმა რეგიონებში შექმნან უსაფრთხო გარემო სამოქალაქო აქტივისტებისთვის და მოქალაქეებისთვის, რაც დემოკრატიის ბაზისური საფუძველია.” – ნათქვამია EMC -ის განცხადებაში.