EMC შსს-ს ბუკნარში რელიგიური დაპირისპირების დროული და ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდებს

პუბლიკა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმაურება სოფელ ბუკნარში მომხდარ რელიგიურ დაპირისპირებას და სახელმწიფოს კონფლიქტის დეესკალაციისა და ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვისკენ მიმართული ქმედითი ნაბიჯებისკენ მოუწოდებს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის, ასევე ადგილობრივ თემის ლიდერებთან ინტერვიუების საფუძველზე, EMC-მ პირველადად შეისწავლა სოფელ ბუკნარში (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი) რელიგიური დაპირისპირების სურათი:

„სოფელ ბუკნარში მუსლიმი თემი უკვე რამდენიმე ათეული წელია ცხოვრობს, სადაც ისინი გურიისა და აჭარის მაღალმთიანი სოფლებიდან სხვადასხვა პერიოდში (პირველად 50-70 წლის წინ) დასახლდნენ. ამ დროისთვის ისინი ადგილობრივი თემის ნახევარს წარმოადგენენ. მუსლიმი თემი 2007 წლიდან ითხოვს მეჩეთის მშენებლობას სოფელში, თუმცა ისინი დაბრკოლებებს წააწყდა და მეჩეთის სივრცის ორგანიზება ვერ მოხერხდა. დაახლოებით 10 თვის წინ ადგილობრივმა თემმა სოფელში მუსლიმი მეზობლისგან, რომელიც წალკაში გადავიდა საცხოვრებლად კერძო სახლი შეიძინა და ამ სივრცეში მალევე რელიგიური პრაქტიკის აღსრულება დაიწყო. მუსლიმების თქმით, ისინი მინარეთის აღმართვას არ აპირებენ და მაქსიმალურად ცდილობდნენ მთელი ეს დრო მეზობელი ქრისტიანების „არგაღიზიანებას“. თუმცა, მათი მხრიდან ლოცვის სივრცის ორგანიზებას ადგილობრივი ქრისტიანების უკმაყოფილება მოჰყვა. მუსლიმების განმარტებით, ადგილობრივი ქრისტიანი თემის ზოგიერთი წარმომადგენელი მათ ლოცვის შესაძლებლობას არ აძლევს და აცხადებენ, რომ მუსლიმები ამ სოფელში “ჩამოსახლებულები” არიან და მათ მეჩეთის გახსნის უფლება „ქრისტიანულ მიწაზე“ არ აქვთ.

კონფლიქტი ამ საკითხზე დაახლოებით 1 თვის წინ დაიყო და მას მეზობელ თემებს შორის ძირითადად სიტყვიერი შელაპარაკების და გარჩევის ფორმა ჰქონდა. სამწუხაროდ, 2020 წლის 11-12 იანვარს კონფლიქტმა ფიზიკური დაპირსპირების ფორმა მიიღო. გუშინ კი მეზობლებს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკების დროს მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს სამ მუსლიმს, მათ შორის მუსლიმ ბავშვებს. დაშავებულები მიღებული არაერთი დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს“,- აცხადებენ ორგანიზაციაში.

ორგანიზაციის შეფასებით, ფაქტობრივი გარემოებები აჩვენებს, რომ გამოვლენილ ინციდენტებში ორი ძირითადი სამართლებრივი საკითხი იკვეთება. 1. ძალადობის შემთხვევა დაზარალებული მუსლიმი პირების მიმართ, რომელიც დროულ და ეფექტიან სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს და 2. სალოცავი სივრცის ფუნქცინირებისთვის უსაფრთხო და მშვდობიანი პირობების შექმნა, რომელიც მუსლიმი თემის შევიწროებისა და დევნის ინციდენტების ეფექტიან აღკვეთას საჭიროებს.

EMC მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინსტროს მიიღოს სათანადო ზომები ძალადობრივი პრაქტიკის პრევენციის, კონფლიქტის დეესკალაციისა და მომხდარზე დროული და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით; გაატაროს ყველა რელევანტური ღონისძიება მეჩეთის სივრცეში მუსლიმების მხრიდან ღვთისმსახურების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარებისთვის.

ადგილობრივ თვითმმართველობას და მთავრობის ადმინისტრაციაში ადამიანის უფლებებზე პასუხისმგებელ აქტორებს შეიმუშავოს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ადგილობრივ თემში კონფლიქტის ტრანსფორმაციის მიზნით, რომელიც ერთი მხრივ, განუხრელად დაიცავს მუსლიმი თემის რელიგიის თავისუფლებას და უპასუხებს მათ საჭიროებს სოფელში მეჩეთის სივრცის არსებობის შესახებ, და მეორე მხრივ, კი ადგილობრივ თემებს შორის ნდობის აღდგენას, მშვიდობიან, სოლიდარულ და თანასწორ გარემოში გრძელვადიან თანაცხოვრებას შეუწყობს ხელს.