EMC სოფელ მუღანლოში მომხდარ კონფლიქტზე განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) სოფელ მუღანლოში ახალგაზრდებს შორის მომხდარ ძალადობრივ კონფლიქტზე განცხადებას ავრცელებს.

EMC  სახელმწიფოს სისტემური პრევენციული და მშვიდობასა და ინტეგრაციაზე ორიენტირებული პოზიტიური პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდებს.

„მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 10 მარტს სოფელ მუღანლოში ადგილობრივ ქართველ და აზერბაიჯანელ ახალგაზრდებს შორის ბირჟის დაკავების საკითხზე კონფლიქტი მოხდა, რომელმაც საღამოს მძიმე ფორმები მიიღო და ათეულობით ახალგაზრდას შორის ფიზიკური ძალადობით დასრულდა. რამდენიმე ადამიანი დაიჭრა და დაზიანდა. ადგილობრივების თქმით, აშკარა იყო კონფლიქტის მხარეების ეთნიკური ნიშნით დაყოფა და კონფლიქტის ეთნიკური კონოტაცია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო. ამ დროისთვის დამატებითი ოფიციალური ინფორმაცია მომხდარზე არც ერთ უწყებას არ გაუვრცელებია“, – ნათქვამია გავრცელებულ განხცადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სოფელი მუღანლო გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სართიჭალის თემში მდებარეობს. სოფელში 4210 ადამიანი ცხოვრობს და ძირითადად აზერბაიჯანელი მოსახლეობით არის დასახლებული, ხოლო, სოფელ სართიჭალაში ქართველები ცხოვრობენ.

„ამ სოფლებს შორის, ეთნიკური დაძაბულობის გამოცდილება არ არსებობს, თუმცა მუღანლოს მაცხოვრებლები უკმაყოფილები არიან საბიუჯეტო სახსრების განაწილების პრაქტიკით და დიდი ხანია ითხოვენ სოფელ სართიჭალისგან გამოყოფას. სართიჭალის მაცხოვრებლები კი თვლიან, რომ მუღანლო ისტორიულად სართიჭალის ნაწილია.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული,  სოფელ მუღანლოს მაცხოვრებლები არ არიან დასაქმებულები გარდაბანში მოქმედ დიდ საწარმოებში (მაგალითად თბოსადგურში), რაც დისკრიმინაციული მიდგომის განცდას აჩენს.

EMC აცხადებს, რომ რამდენიმე თვის წინ მსგავსი კონფლიქტი  ადგილობრივ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის სოფელ წინწყაროშიც (თეთრიწყაროს რაიონი) მოხდა. „თუმცა სახელმწიფოს მხრიდან სისტემური პრევენციული ზომების მიღება მომხდარს არ მოჰყოლია“, – წერს EMC

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, EMC მოუწოდებს:

შინაგან საქმეთა სამინისტროს

  • „მიიღოს სისტემური ზომები სოფელ მუღანლოში კონფლიქტის სისტემური პრევენციისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით;
  • შეისწავლოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში პოლიციის მუშაობის ხარვეზები და თემზე ორიენტირებული პოლიციის მიდგომები და პრაქტიკა დანერგოს;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს

  • გააძლიეროს მუშაობა ეთნიკური/რელიგიური კონოტაციის კონფლიქტის გამოცდილების მქონე შერეულ თემებში მშვიდობის, ნდობის და ინტეგრაციის მშენებლობაზე, შეიმუშავოს პოლიტიკის კონცეფცია და იმუშავოს მის დანერგვაზე;
  • დაუყოვნებლივ შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც მსგავს თემებში სისტემური პოლიტიკური, სოციალური და კულტურული პროგრამების შემუშავების და აღსრულების კოორდინირებას მოახდენს. მნიშვნელოვანია ეს პროცესი მშვიდობის მშენებლობაზე, ადამიანის უფლებებზე და ინტეგრაციის საკითხებზე მომუშავე აქტორებთან აქტიური კონსულტაციებით დაიგეგმოს;
  • შეისწავლოს სოფელ მუღანლოში და კონფლიქტის გამოცდილების მქონე სხვა სოფლებში ეთნიკური უმცირესობების გარიყულობის შესაძლო პრაქტიკა და იმუშავოს მსგავსი პრაქტიკის გარდაქმაზე ადგილობრივ თვითმმართველობასთან და სხვა რელევანტურ უწყებებთან კოორდინაციით“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

იხილეთ განცხადება სრულად