ემსახურება სიმართლის და არა კონკრეტული პერსონის დაცვას - მდინარაძე ღარიბაშვილის წერილზე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის თქმით, პრემიერის მიერ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის გაგზავნილი წერილი არა ივანიშვილის, არამედ სიმართლის დაცვას ემსახურებოდა.

მდინარაძის თქმით, ის ფაქტობრივი მოცემულობები, რასაც ევროპარლამენტის რეზოლუცია დაეყრდნო, ძირითადად, 90%-ით იყო ტყუილი და მაღალი ტრიბუნიდან სიცრუეზე დაფუძნებული გზავნილების გავრცელება საგანგაშოა.

„როგორც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, ასევე სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც იყო ბევრი „ფეიკი“ ამ რეზოლუციაში.

ეს არის ძალიან სამწუხარო, ჩვენთვის განსაკუთრებით, იმ ადამიანებისა და იმ ხელისუფლებისთვის, რომელიც რეალურად და არა მხოლოდ სიტყვით, საქმითაც დასავლეთისკენ მიისწრაფვის. ეს არის მთავარი.

როდესაც ევროპიდან ასეთი „ფეიკ“ გზავნილი მოდის, ეს ჩვენთვის არის ძალიან სამწუხარო, იმიტომ, რომ ეს აზიანებს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საზოგადოებრივ განწყობებს, მაგალითად, დასავლური კურსის მიმართ, ძალიან აზიანებს და ჩვენ ეს არ გვინდა.

პირიქით, ჩვენ ვამბობთ, რომ დასავლური კურსი არის ერთადერთი სწორი კურსი და სწორი მიმართულება ამ ქვეყნისთვის და მეორე მხრივ, ეს იმას არ ნიშნავს და მეგობრობა და ჩვენი სწორი მიმართულება დასავლეთისკენ არ ნიშნავს იმას, რომ ტყუილზე არ ვთქვათ, რომ არის ტყუილი და არავის დაცვას არ ემსახურება, ეს ემსახურება სიმართლის დაცვას, კონკრეტული პერსონის კი არა, როგორც ეს თქვენ გინდათ გამოიყვანოთ, ეს ემსახურება სიმართლის დაცვას და დაცვას ჩვენი ევროპული პერსპექტივისა“, – თქვა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან.


პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილი მისწერა, რომელშიც 9 ივნისს საქართველოს მიმართ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე წერს. ღარიბაშვილი წერს, რომ რეზოლუცია „უამრავ დაუსაბუთებელ ჩანაწერს და ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავს“.

წერილში პრემიერი სთხოვს ურსულა ფონ დერ ლაიენს, რომ „მკაფიოდ გაემიჯნოს დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერის პერსონიფიკაციას“.