ენდი მარი ბასილაშვილზე: ასეთი ბრალდებების შემთხვევაში ტურნირებზე უნდა არსებობდეს პროტოკოლი

პუბლიკა

ბრიტანელი ჩოგბურთელი, ყოფილი #1 ჩოგანი, ენდი მარი ამბობს, რომ ქართველი ჩოგბურთელის,  ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ არსებული ბრალდებების გათვალისწინებით, ტურნირებზე უნდა არსებობდეს გარკვეული პროტოკოლი და შეზღუდვა.

ქართველი ჩოგბურთელი ოჯახში ძალადობაშია ბრალდებული და სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

ენდი მარი დღეს 20:00 საათზე ნიკოლოზ ბასილაშვილს უნდა დაუპირისპირდეს. მან უიმბლდონის ტურნირის დაწყებამდე ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ.

„ჩემი აზრით, უნდა იყოს პროტოკოლი, როცა მის მიმართ ასეთი ბრალდებები არსებობს. ზუსტად არ ვიცი ამ პროცესების შესახებ, თუმცა, რაც მოვისმინე კარგი არაა. ATP-მ, მმართველმა ორგანოებმა, ITF-მა (ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია)  უნდა დააწესონ პროცედურები,“ – თქვა ენდი მარიმ.


ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის საფუძველზე 2020 წლის 21 მაისს დააკავეს. მას ბრალი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე, ნეკა დოროყაშვილზე ფიზიკური ძალადობისთვის წარედგინა. პროკურატურა ჩოგბურთელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვდა, მაგრამ სასამართლომ ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

საქმეში დაზარალებულადაა ცნობილი როგორც ნეკა დოროყაშვილი, ასევე მათი მცირეწლოვანი შვილიც. საქმეშია 6 შემაკავებელი ორდერიც, რომელიც ბასილაშვილისა და მისი მშობლების მიმართ გამოწერა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქალაქო სასამართლომ კი ექვსივე ორდერი ძალაში დატოვა. ბასილაშვილის დაცვის მხარეს ორდერები სააპელაციო სასამართლოში აღარ გაუსაჩივრებია. ჩოგბურთელის წინააღმდეგ სასამართლოში მიმდინარეობს ასევე ქონებრივი დავაც. ნიკოლოზ ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს.