ENEMO: ჯამურმა დარღვევებმა ზეგავლენა იქონია საარჩევნო პროცესის დემოკრატიულ ხასიათზე

პუბლიკა

ENEMO-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ზლატკო ვუიოვიჩმა შეაფასა გუშინდელი საპარლამენტო არჩევნები და აღნიშნა, რომ ის გაიმართა პოლარიზებულ გარემოში, რომელიც არ ითვალისწინებდა თანასწორობას, გამჭვირვალობასა და ჩართულობას.

„2024 წლის საპარლამენტო არჩევნები პოლარიზებულ გარემოში გაიმართა, რომელიც არ ითვალისწინებდა თანასწორობას, გამჭვირვალობასა და ჩართულობას. დაფიქსირდა ოპოზიციის წევრების მიმართ გამოხატული ძალადობის ფაქტები, აგრეთვე, ადმინისტრაციული რესურსის არაჯეროვანი გამოყენება; ამასთანავე, ჯეროვნად არ შესრულებულა კამპანიის რეგულაციები და  სამოქალაქო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების მიმართ  განხორციელდა ზეწოლა.

იმისდა მიუხედავად, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია პროფესიულად და ეფექტიანად უძღვებოდა პროცესს, ENEMO-ს ცესკოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობის შესახებ აქვს რიგი წუხილები ჯამურმა დარღვევებმა საგრძნობი ზეგავლენა იქონია საარჩევნო პროცესის დემოკრატიულ ხასიათზე.

ჯამურმა დარღვევებმა საგრძნობი ზეგავლენა იქონია საარჩევნო პროცესის დემოკრატიულ ხასიათზე. 26 ოქტომბერს ახალი პროპორციული სისტემით გაიმართა არჩევნები და საარჩევნო პროცესი ჩატარდა ძალიან პოლარიზებულ გარემოში, საკანონმდებლო ცვლილებების გამო ტარდებოდა უფრო დაძაბულ გარემოში, მიმდინარეობდა პროტესტი წინასაარჩევნო პროცესში”, განაცხადა მან [სინქრონული თარგმანი].

ის აღნიშნავს, რომ შეფასების დოკუმენტი, რომელიც მოგვიანებით გამოქვეყნდება, 30-გვერდიანია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, დათვლილია უბნების 99% – ცესკოს მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ 54.2%-იანი მხარდაჭერა აქვს.

ცესკოს მიერ პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ, გუშინ განცხადებები გააკეთა სხვადასხვა ოპოზიციურმა გაერთიანებამ. „ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ“ განაცხადა, რომ „მოპარული, მიტაცებული“ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.

განცხადებები გააკეთეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლებმაც – მათ ისაუბრეს რამდენიმე სქემაზე, რომელთაც, მათი თქმით, „ქართული ოცნება“ არჩევნებამდე ახორციელებდა, რათა უბანზე ხმები „გაეოთხმაგებინა“.

როგორც კოალიციის წევრმა, თენგო თევზაძემ აღნიშნა, ერთ-ერთი „სქემის“ თანახმად, მმართველმა პარტიამ ამომრჩევლების ID ბარათებს ჩამორთმევის შემდეგ მონაცემები გააციფრულა და ვერიფიკაციის აპარატებში დუბლირებით ჩაამატა, რითაც მათ ამომრჩეველს, მინიმუმ, 4 უბანზე შეეძლო უბანზე მისვლა.

რაც შეეხება ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ისინიც საუბრობენ „არჩევნების გაყალბების კომპლექსურ სქემაზე“ და მიუთითებენ, რომ კენჭისყრის დღე ძირითადად უთანასწორო, ძალადობრივ და დაძაბულ გარემოში წარიმართა. ორგანიზაციები მიმართავენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც, განმარტოს, რა მექანიზმებით შეიძლება არ მომხდარიყო დუბლირებული სიების გააქტიურება.