ენგურზე გადმოსვლისას დაღუპულთა ოჯახებს მთავრობა ფინანსურ დახმარებას გაუწევს - ახვლედიანი

პუბლიკა

„საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თითოეულ ოჯახს, რომლის წევრიც ტრაგიკულად დაიღუპა მდინარე ენგურზე გადმოსვლისას, გაუწევს ფინანსურ დახმარება“, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ კი უწყების პრესცენტრი ავრცელებს.

როგორც ახვლედიანმა აღნიშნა, ოკუპირებული გალიდან ტრაგიკულად დაღუპული თანამოქალაქეების ოჯახების მხარდაჭერა მიმდინარეობს ტრაგედიის პირველივე დღეებიდანვე.

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ დაუყოვნებლივ გასწია პირველადი საჭიროებებისთვის აუცილებელი დახმარება ერთჯერადად და საქართველოს მთავრობა მათი საჭიროებების გაანალიზების საფუძველზე რა თქმა უნდა განაგრძობს ზრუნვას ამ ოჯახების, თითოეული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების საპასუხოდ. ამასთანავე მინდა ასევე აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თითოეულ ოჯახს, რომლის წევრიც ტრაგიკულად დაიღუპა მდინარე ენგურზე გადმოსვლისას, გაუწევს ფინანსურ დახმარებას“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.


7 აპრილს, გალის რაიონიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის მცდელობისას მდინარე ენგურში 4 ადამიანი დაიღუპა.