„ენკამ“ გამოთქვა მზადყოფნა, „ნამახვანჰესის“ პროექტის არსებული კვლევები გადასცეს ექსპერტთა საბჭოს - სამინისტრო

პუბლიკა

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, კომპანია „ენკამ“ გამოთქვა მზადყოფნა, „ნამახვანჰესის“ პროექტის არსებული კვლევები გადასცეს ექსპერტთა საბჭოს, რომელიც სპეციალურად კვლევების ხელახლა გადახედვისა და განხილვის მიზნით შეიქმნება.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საბჭოს შემადგენლობაში იქნებიან ჰიდროლოგები, გეოლოგები, სეისმოლოგები, გარემოს დაცვის სპეციალისტები, მათ შორის ორგანზიაციები – „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა“, „მწვანეები“, „განახლებადი ენერგიების ასოციაცია“ და სხვა.

„საბჭოს წევრი იოსებ ცაბაძე არსებული კვლევების პრეზენტაციას წარადგენს არასამთავრობო ორგანიზაციების, ექსპერტთა საბჭოს წევრებისა და დარგის სპეციალისტებისთვის და მათთან ერთად მოხდება განხილვა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართება. შეხვედრის დასრულების შემდეგ ყველა დაინტერესებულ პირს დოკუმენტაცია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გადაეგზავნება ხელახალი განხილვის მიზნით“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.