ენმ ამბობს, რომ სოფელ კარდენახში საარჩევნო შეხვედრის დროს თავს 10-მდე ადამიანი დაესხათ

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” აცხადებს, რომ გურჯაანის სოფელ კარდენახში საარჩევნო შეხვედრის დროს „10 ან ცოტა მეტი ადამიანი” დაესხათ თავს.

პარტიის წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, თავდამსხმელებმა შეხვედრის ჩაშლა სცადეს.

მისივე ინფორმაციით, ენმ-ის ერთ-ერთი წევრი, ლევან მეტრეველი საავადმყფოში გადაიყვანეს.

„შეხვედრა მაინც ჩატარდა, თუმცა, მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელის შეშლას, ხალხის რეაქციის გამო მათ მოუწიათ უკან დახევა. თუმცა, მანამდე მოახერხეს და ზიანი მიაყენეს ჩვენს ერთ-ერთ წევრს. ლევან მეტრეველი გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში, თუმცა რა თქმა უნდა, ამის არავის არ ეშინია, იქვე ადგილზე მიიღეს პასუხი.

26 ოქტომბერს მიიღებენ საბოლოო პასუხს, ხალხს მობეზრდა პროვოკაციის, ზიზღის ეს მოჯადოებული წრე”. – თქვა ირაკლი ფავლენიშვილმა.

თავად ლევან მეტრეველის თქმით, მიღებული აქვს ტვინის შერყევა, არის ჰემატომაც.

„ახლა უნდა ვნახოთ თუ არის სახის ძვლების მოტეხილობა. მინდა მივმართო ყველას, ვისაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება და არა რუსეთი – ეს არის ის მცირედი ფასი, რაც მე დღეს გადავიხადე იმისათვის, რომ ქვეყანა სწორ გზას დაადგეს და ჩვენ ვდგავართ სწორ გზაზე. ამ მეთოდებით ვერ შეგვაშინებენ”. – თქვა მან.

ამასთან, მეტრეველმა თავდასხმის დეტალები გაიხსნება და აღნიშნა, თავს ორი ადამიანი დაესხა.

მისივე თქმით, არსებობს შესაბამისი კადრებიც და შეუძლია მათი ამოცნობაც.