ენმ: ბათუმში კონტრაქციაში საჯარო სამსახურში დასაქმებულები მონაწილეობდნენ

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ინფორმაციით, 4 აპრილს გამართულ კონტრაქციაში, რა დროსაც ენმ-ის ოფისთან ცოცხები მიიტანეს, საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები მონაწილეობდნენ.

„ე.წ. ზონავიკები გამოგვიგზავნეს გუშინ „ქართული ოცნების“ დარტყმელი ძალა, ვინც რეალურად ატარებს არჩევნებს ბათუმში. ეს ადამიანები არიან, ვინც საბიუჯეტო ორგანიზაციებში მუშაობენ და ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადებისგან იღებენ ხელფასებს“, – განაცხადა გიორგი კირთაძემ, აჭარაში ენმ-ის ლიდერმა.

მან ჩამოთვალა იმ პირთა სახელები, ვინც აქციაში მონაწილეთა შორის ამოიცნო. მათ შორის არიან: გურამ ბუაძე – ბოტანიკური ბაღის განყოფილების უფროსი, ანზორ დავითაძე – ერთ-ერთი დასახლების გამგებელი, კობა ცინცაძე – მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი, გალაკტიონ ორმოცაძე – მერიის თანამშრომელი, ზურაბ წულაძე – საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თანამშრომელი და ა.შ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ე.წ. ცოცხების აქცია იყო  კონტრაქცია ბათუმში 3 აპრილს გამართულ აქციაზე, როცა „სირცხვილიას“ აქტივისტმა გააპროტესტეს კომენდანტის საათი, „ქართული ოცნების“ ოფისთან მივიდნენ და დეპუტატ გია ვოლსკის 2 აპრილის უცენზურო ჟესტს გამოეხმაურნენ იმავე შინაარსის შემცველი სტიკერების გაკვრით.

„მთავარ არხთან“ საუბარში გიორგი გიორგაძე, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრი ამბობს: „სტიკერები იყო და სტიკერებზე ეწერა ბილწსიტყვაობა, რომელსაც კითხულობს ჩემი ოჯახის მანდილოსანი“.

„დიდი ბოდიში, მარა მე როცა დედას შემაგინებენ, ამას ვუპასუხებ ფიზიკური ძალადობითაც, თუ გაინტერესებთ, სიტყვიერი ძალადობითაც“, – ამბობს ის და აღნიშნავს, რომ კონტრაქცია იყო ღირსეული პასუხი „უსაქციელობაზე, რაც იკადრეს თვითონ“. მისი თქმით, ოცნების ამომრჩეველი დაიცავს ხმებს ბოლომდე და მიმართა ენმ-ის, მისი თქმით, 5-კაციან ორგანიზაციას, რომ არ მისცემენ ღირსებისშემლახველი განცხადებების გაკეთების უფლებას.

ბათუმში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურნენ თბილისშიც.

„ნუ ეწყინებათ, რომ ვიღაც მათ ოფისს მათი ისტორიის გამახსენებელ პლაკატს მიუკრავს“, – თქვა „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

„არ იყო ეს წახალისებული. როდესაც მოვლენ თქვენს ოფისთან და შეურაცხმყოფელ პლაკატებს გაგიკრავენ და შეძახილებს გააკეთებენ, ბუნებრივია, რომ ვიღაც მივა და ანალოგიურ, ოღონდ მათი ისტორიისთვის დამახასიათებელ პლაკატს, მიაკრავს მათ ოფისთან.

იმ აქტივისტებს, რომელთაც შტატიანი სამოქალაქო აქტივისტები ჰქვიათ, არის თუ არა ეს ნორმა, რასაც ისინი იძახიან და აკეთებენ, ყოველდღიურად „ქართული ოცნების” ოფისთან რასაც ისინი აკეთებენ? ძალიან დიდ თმენას იჩენენ, იმიტომ, რომ იმ „ქართული ოცნების” ოფისშიც მუშაობენ ჩვეულებრივი ადამიანები“, – განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ არ აინტერესებს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა.

„თუ გავითვალისწინებთ გუშინდელ მომხდარ ფაქტს, მათ შორის, ჩვენი საკრებულოს წევრის დაჭრას ცივი იარაღით და ასევე ბათუმში მომხდარ ძალიან მძიმე ფაქტს, როდესაც ოცნების ზონედერები და მიქსეული ადამიანები ჩვენი პარტიის შტაბის წინ ასე ცოცხებით დარბიან, 9 წლის თავზე იგივე მეორდება, ეს არის ძალა, რომელსაც არავითარი პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე და პოლარიზაციის დასრულებაზე არ გაააჩნია“, – განაცხადა დეკანოიძემ.