ენმ გია ბარამიძის განცხადებებზე გამოძიების დაწყებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გია ბარამიძის განცხადებებზე პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და ამბობს, რომ ბარამიძის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ უკანონო ნაბიჯს სამართლებრივი და პოლიტიკური გზით დაუპირისპირდება.

 „გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ დღეს დაწყებული სისხლის სამართლის საქმე, კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ხელისუფლებამ პროკურატურა საბოლოოდ გადააქცია პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და რუსული პოლიტიკური პროპაგანდის ინსტრუმენტად.

გიორგი ბარამიძე მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და თავისუფლებისთვის, მათ შორის იარაღით ხელში, როგორც რიგითი ჯარისკაცი აფხაზეთსა და უკრაინაში. სწორედ ის ადამიანები, რომლებიც დღეს მას პატრიოტიზმს უწუნებენ, წლების განმავლობაში ამართლებდნენ რუსეთის ინტერესებს, აზიანებდნენ საქართველოს საერთაშორისო პოზიციებს და ქვეყანას ევროპული გზიდან აშორებდნენ. გავიხსენოთ თუნდაც ბიძინა ივანიშვილისა და მისი წარმომადგენლების მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები აფხაზებისთვის საჯარო ბოდიშის მოხდაზე.

რა სიმბოლურია, რომ დღეს რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყების დღეს, დევნა დაიწყეს იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც რუსეთმა უკრაინაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის გამო 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

როდესაც კრემლი, გიორგი ბარამიძეს საკუთარ მტრად აცხადებს და სჯის, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იმავე ადამიანს სამშობლოს ღალატს ედავება.

პატრიოტიზმს არც კრემლი განსაზღვრავს და არც „ქართული ოცნების“ პროკურატურა და პროპაგანდა. საქართველოს ინტერესების სამსახური დანაშაული არ არის, ხოლო პოლიტიკური ოპონენტების სისხლისსამართლებრივი დევნა ვერ შეცვლის ამ სიმართლეს.

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს ცილისმწამებლური და აბსურდული საქმე, არა სამართლებრივი საფუძვლით, არამედ ივანიშვილის რეჟიმის, პოლიტიკური მიზნებსა, და რუსული პროპაგანდის ამოცანებს ემსახურება. ეს შეთითხნილი საქმე კიდევ ერთი დასტურია ამ რეჟიმის რუსული ბუნების“, – აცხადებენ პარტიაში.


პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გია ბარამიძის განცხადებებზე სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო. უწყების განცხადებით, საქმე ეხება იაგო ხვიჩიას „საქართველოს დაბადებაში“ გია ბარამიძის განცხადებებს აფხაზეთის ომისა და ტყვეთა გაცვლის პროცესთან დაკავშირებით.