ენმ-ის ფრაქციამ საპარლამენტო ბოიკოტის შესახებ ოფიციალურად განაცხადა

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის და საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ფრაქცია წყვეტს საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას ანუ აღარ დაესწრება პლენარულ სხდომებს, საკომიტეტო მოსმენებსა და სხვა ფორმატებს.

მისივე თქმით, მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით გააგრძელებენ კონსულტაციებს საერთაშორისო პარტნიორებთან და ოპოზიციურ პარტიებთან თუმცა ენმ ამ ნაბიჯისთვის მზად არის.

„ვითარებაში, როდესაც პოლიტიკური სივრცე აღარ არსებობს სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებებისთვის და ხელისუფლება მხოლოდ პოლიტიკური შურისძიების მოტივით მოქმედებს, ფრაქცია ენმ იღებს გადაწყვეტილებას და ფრაქცია აღარ მიიღებს საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას, რაც გულისხმობს, რომ არ დავესწრებით სხდომებს და საკომიტეტო მოსმენებს, არანაირ ფორმატში არ მივიღებთ მონაწილეობას.

პარტია და ფრაქცია გააგრძელებს კონსულტაციებს პროტესტის კიდევ უფრო მძიმე ფორმების შესახებ. საუბარია მანდატების დატოვებაზე და ამ თემაზე გვექნება კონსულტაციები  უპირველესად ევროპულ პარტნიორებთან, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან და ბუნებრივია, პოლიტიკური ვითარების განვითარების კვალდაკვალ, ფრაქციას მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება, კიდევ უფრო მძიმე ფორმები გამოვიყენოთ ამ მიმართულებით“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსად საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტი გამოუცხადა „სტრატეგია აღმაშენებელმა“.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს 17:00-ზე მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია დააანონსა.