ენმ-ის ოფისთან ექიმებმა სამედიცინო დახმარება 17 მოქალაქეს გაუწიეს - სასწრაფო დახმარება

პუბლიკა

სასწრაფო დახმარების ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან, მიმდინარე მოვლენების განმავლობაში ექიმებმა პირველადი სამედიცინო დახმარება 17 მოქალაქეს გაუწიეს. მათგან 15-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა ადგილზევე მსუბუქად შეფასდა. 2 მოქალაქე კი – ჰოსპიტალიზირებული იქნა თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში.

სასწრაფო დახმარების ცნობით, კლინიკა უკვე დატოვა ერთმა პაციენტმა, მეორე კი სამედიცინო დაწესებულებას დღის განმავლობაში დატოვებს.


პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ამ დილით სპეცრაზმი მივიდა. ისინი ძალის გამოყენებით შევიდნენ შენობაში და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. ენმ-ის ოფისთან პოლიციამ აქტივისტები და მხარდამჭერებიც დააკავა. შსს-ს ცნობით, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს. უწყება აცხადებს, რომ მათ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ამის გამო გამოიყენეს პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები. ოპოზიციამ 3 საათისთვის მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსა. ისინი ნიკა მელიას გათავისუფლებასა და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ.